ევროპარლამენტის ლიდერები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებისადმი მიმართვას ამზადებენ მოწოდებით, რომ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.
ამის შესახებ Interfax-Ukraine დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით წერს.
განცხადების დამტკიცება ევროპარლამენტის პრეზიდენტების კონფერენციის სხდომაზე 9 ივნისს იგეგმება.
“უნდა გამოვიჩინოთ გამბედაობა, მონდომება და წინდახედულობა გაუარესებული საერთაშორისო გარემოს წინაშე. გეოპოლიტიკური ცვლილებები ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ჩვენი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული ვიქნებით. უკრაინელები, რომელთა სამშობლო სასტიკი თავდასხმის მსხვერპლია, ისევე – როგორც მოლდოველები და ქართველები, რომლებიც ესწრაფვიან უფრო ნათელ მომავალს, ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომ, მოგიწოდებთ, მიანიჭოთ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსი ევროკავშირის 49-ე მუხლისა და მათი დამსახურების საფუძველზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
“ინტერფაქსი”აღნიშნავს, რომ საქართველოსთან მიმართებით შესაძლოა, მცირე ცვლილებები განხორციელდეს.