მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოში შეხვედრებს მართავს

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების პარლამენტში საგარეო კომიტეტის წევრებს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან აგნეს მულდერს, რუბენ ბრეკელმანს, ტომ ვან დერ ლის, კატი პირის და შურდ შურცმას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და მოლოდინები, ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის მკაფიო ევროპული პერსპექტივისა და ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭების და ამ კუთხით, ნიდერლანდებისა და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობას.

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა უკრაინაში, რუსეთის მიერ მიმდინარე სამხედრო აგრესიის შედეგად, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და არსებული გამოწვევების ფონზე ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნებისთვის – საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.

ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრები მიესალმნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას და ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ერთხმად აღინიშნა, რომ ნიდერლანდების სამეფო კვლავაც გააგრძელებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა ასევე გამართა ნიდერლანდების სამეფოში წამყვანი კვლევითი ცენტრებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგზე, მიღწეულ პროგრესსა და ევროკავშირის წევრობისთვის გაკეთებულ განაცხადთან დაკავშირებით ქართული მხარის მოლოდინებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები