პარლამენტში თურქეთის „საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის საბჭოში“ შემავალ თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან ერთად, თურქეთის „საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის საბჭოში“ (DEIK) შემავალ თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძესთან და საბჭოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალის სამომავლოდ მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობა, რაც, მხარეების თქმით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, საქართველოს მიმართ თურქული კომპანიების ინტერესის ზრდას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს.