ირაკლი ქადაგიშვილი – „ნაციონალურ მოძრაობის” წარმომადგენლებს: თქვენ რომ რაიმე გდომებოდათ, ან მშვიდობას შეინარჩუნებდით ან იომებდით; ვერცერთი ქენით – ვერც მეორე
„ევროკავშირი, ევროცივილიზაცია საქართველოს ისტორიული არჩევანია. ამ არჩევანისკენ მიდიოდა ყველა ქართველი მეფე და რელიგიური თუ საერო მოღვაწე მიუხედავად იმისა, რომ მათ ფიზიკური შემხებლობა არ ჰქონდათ იმ გეოპოლიტიკურ სივრცესთან, სადაც ევროპული ცივილიზაცია ყალიბდებოდა. ეს იყო იმ მეფის არჩევანიც, რომელიც ყველაზე დიდი და ღვაწლმოსილი მეფე იყო ომში და ბრძოლაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ერეკლე მეფის არჩევანი იყო ის, რაც დღეს საქართველოში რეალიზების გზაზეა.
„როგორც დღეს გვეუბნებიან, თურმე, ის მეფე მოღალატეა; თურმე, ის ეკლესია ხელის შემშლელია, თურმე, ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ სამების ტაძრის აშენებაში, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში ვინც იღებდა მონაწილეობას, იმ ადამიანს, როგორც რუს ოლიგარქს უნდა დავუწესოთ სანქციები; თურმე ის ადამიანები, ვინც პუტინისეული საპრეზიდენტო რესპუბლიკა დააფუძნა საქართველოში და ვინც რუსულ აგრესიას პირდაღებულები შეხვდნენ, ვინც ციხეებში წამება, ქონების ჩამორთმევა და ათასი უბედურება გამოატარა ამ ქვეყანას იმიტომ, რომ ტროცკისტული მეთოდებით ახალი ქართველის ინჟინერია მოეხდინათ და ახალი ქართველი „გამოეყვანათ”, თურმე ესენი არიან ევროპელები. ყველაფერი შედარებითი და გაზომვადია და შეადარეთ თქვენი კონსტიტუცია და დღევანდელი კონსტიტუცია, შეადარეთ თქვენი სასამართლო სისტემის ინსტიტუციური მოწყობა და დღევანდელი სასამართლოს ინსტიტუციური მოწყობა, შეადარეთ მაშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილებები როგორი იყო და დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებები როგორია, შეადარეთ მაშინდელი საარჩევნო კოდექსი როგორი იყო და დღევანდელი საარჩევნო კოდექსი როგორია, შეადარეთ მაშინდელი მედია – ჭურში ჩაშვებული და დღევანდელი”, – მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. მისი თქმით, 2008 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ ვერც მშვიდობას შენარჩუნება შეძლო და ვერც იომა.
„თქვენ რომ რაიმე გდომებოდათ ან 2008 წელს მშვიდობას შეინარჩუნებდით, ან თუ ომი დაიწყო, იომებდით, ვერცერთი ქენით – ვერც მეორე. ერეკლე მეორემ მეთვრამეტე საუკუნეში, სწორედ გეოპოლიტიკურ დახურულ სივრცეში დღევანდელი ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.