„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, სარესტორნო სფეროში კადრების დეფიციტია. როგორც ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტურისტების გაზრდილი რაოდენობის ფონზე, შესაძლოა, სფეროში გარკვეული კოლაფსი მოხდეს.
„რამდენიმე დღეა, მედიის მხრიდან ძალიან დიდი ინტერესია იმის შესახებ, თუ რა პრობლემებია პოსტკოვიდურ პერიოდში სარესტორნო სფეროში. ამ საკითხზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც კოვიდის სიტუაცია, ისე პოსტკოვიდური ვითარებაც რთულია.
როგორც ადგილობრივი მომხმარებლისგან, ისე ჩამოსული ტურიტებისგან იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ შეიძლება, დღეს რესტორნებში ადგილი ვერ ნახოთ. მოთხოვნა მომავალ კვირებსა და თვეებში უფრო დიდი იქნება. პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენს სფეროში აქტუალურია, კადრების დეფიციტია. ეს იმდენად დიდ სირთულეს წარმოადგენს, შეიძლება, სფეროში გარკვეული კოლაფსიც კი მოხდეს. კოვიდსიტუაციის დროს სარესტორნო სფეროში დასაქმებულები სხვადასხვა სფეროში გავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან. ბევრი სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. ასევე, კიდევ ერთი ფაქტორია: სამწუხაროდ, ქართულმა სარესტორნო ბაზარმა ვერ შეძლო და ვერ დაძლია ის პრობლემები, რომლებიც ხელფასების ზრდას უკავშირდება. ხელფასების ზრდა მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო. შესაბამისად, სარესტორნო სფეროში არსებულ სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმების მოთხოვნა შემცირდა.
პანდემიის დაწყების დროს ვამბობდი, რომ, სამწუხაროდ, შეიძლება, ისეთ სიტუაციაში შევსულიყავით, შესაძლოა, ქვეყანაში ტურისტი ჩამოსულიყო და ჩვენ მისი დახვედრის და გამასპინძლების შესაძლებლობა არ გვქონოდა. პრევენციის სახით ვამბობ, რომ ასეთი სიტუაცია, შეიძლება, ახლა ბათუმში შეიქმნას, სადაც ძალიან დიდი იქნება როგორც ტურისტების რაოდენობის ზრდა, ასევე ადგილობრივი მომხმარებლის ჩასვლა. ის კადრების რაოდენობა, რომელიც დღესაა შეიძლება, ისე მცირე აღმოჩნდეს, რომ ამ ვითარებას, შესაძლოა, კოლაფსი დავარქვათ. ეს საკითხი თუ არ გადაიჭრა, დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით. როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა: ამ სფეროში დასაქმება მოთხოვნადი რომ გახდეს, აუცილებელია, ხელფასები გაიზარდოს. ხელფასის ზრდა ბიზნესს შეუძლია მაშინ, თუ ამის შესაძლებლობა აქვს. ამისთვის დამატებითი იმპულსი იქნება, თუ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული პერიოდით მაინც საგადასახადო წნეხი მოიხსნება“ – განაცხადა ბურჯანაძემ.