ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები, პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა.
მომხსენებლის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი, რომელშიც ექვსი კანონპროექტია გაერთიანებული, მიზნად ისახავს სადაზვერვო სისტემის დახვეწას და მის შემდგომ განვითარებას, ასევე დაზვერვის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
„ცვლილებები მიმართულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მოწესრიგების, სამსახურის ანგარიშვალდებულების გაზრდის, სამსახურის საკადრო სისტემის მდგრადობის, პირადი შემადგენლობის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფის და სხვა თანმდევი საკითხების მოწესრიგებისკენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ იზრდება პრემიერ-მინისტრის, როგორც დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის ჩართულობა დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში. ამ მიზნით სადაზვერვო სისტემის სუბიექტებს, ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება მიეცემათ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინასწარი თანხმობით”, – განაცხადა მომხსენებელმა.