იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია სასწავლო ვიზიტით მექსიკაში გაემგზავრა

   იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის ხელმძღვანელობით იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მექსიკაში მექსიკის ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მონაცემთა დაცვის ფედერალური ინსტიტუტის მიწვევით გაემგზავრა. ვიზიტის მთავარი მიზანი მექსიკის გამოცდილების გაზიარებაა, რადგან მექსიკა ინფორმაციის თავისუფლების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის მქონე სახელმწიფოს წამოადგენს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტის კონცეფციაზე ექსპერტების მოსაზრებების მოსმენა. მექსიკის ინფორმაციის თავისუფლების კანონი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძველ აქტს ამ სფეროში, მის საფუძველზე დაარსებული ფედერალური ინსტიტუტის გამოცდილებაც ძალიან მდიდარია.
დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც ფედერალური ინსტიტუტის, როგორც ინფორმაციის თავისუფლების საზედამხედველო ორგანოს, სტრუქტურისა და, ზოგადად, ფუნქციონირების სპეციფიკას შეისწავლიან. სამუშაო ჯგუფს მექსიკის ფედერალური ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების გენერალური დირექტორი უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება თავად ინფორმაციის თავისუფლების საკანონმდებლო რეფორმას საქართველოში, იუსტიციის სამინისტრომ რეფორმა 2014 წლის იანვარში დაიწყო. რეფორმის მთავარი მიზანია პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და ცალკეულ საკანონმდებლო აქტში გაბნეული ნორმების ერთ ნორმატიულ აქტში გაერთიანება. პროცესი იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მუშაობაშიც ჩართულია არასამთავრობო სექტორიც.
2014 წლის იანვრიდან დღემდე ჩატარდა არაერთი თემატური სამუშაო ჯგუფის თუ სამიზნე ჯგუფების შეხვედრები, „მრგვალი მაგიდები“, რომელთა ფარგლებშიც აქტიურად განიხილებოდა კონცეფცია და შემოთავაზებული ალტერნატივები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები