ევროკავშირის ქვეყნები IRGC-ის „ტერორისტული ორგანიზაციების“ სიაში შეტანას განიხილავენ

ევროკავშირის ქვეყნები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) „ტერორისტული ორგანიზაციების“ სიაში შეტანას განიხილავენ,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა ანვარ ალ-ანუნიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე დასძინა, რომ მზადდება ახალი წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ.

„ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებასთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოებს შორის დისკუსიები კონფიდენციალურად მიმდინარეობს. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ სანქციებთან დაკავშირებული ზოგადი წესების შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილება წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად უნდა მიიღონ“, – განმარტა ანვარ ალ-ანუნიმ.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მკაცრი ჩახშობით წითელ ხაზს კვეთს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ამ საკითხს “უკიდურესად სერიოზულად” ეკიდება.

პარალელურად, დღეს, ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო “ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი” გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ “გლობალური დახმარება” მალე გამოჩნდება.

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, ადგილობრივი ვალუტის, ირანული რიალის დევალვაციის გამო დაიწყო. ირანის რამდენიმე ქალაქში პროტესტი პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე 15 დღის განმავლობაში, გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები