ევროკომისიას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების კონტრაქტების გაუქმების თხოვნით 10 ქვეყანა მიმართავს

აღმოსავლეთ ევროპის ათი ქვეყნის ჯგუფმა ევროკომისიას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების კონტრაქტების გადახედვის თხოვნით მიმართა.

ამის შესახებ Politico წერს.

წერილში საუბარია დოზების მარაგების ჭარბ რაოდენობასა და ფინანსების დაცვის აუცილებლობაზე.

„თუ ჯანმრთელობისა და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ისინი საჭირო აღარ არის, კონტრაქტები უნდა შეწყდეს“, – ნათქვამია წერილის ერთ-ერთ თხოვნაში.

აღინიშნება, რომ შესაძლებელი უნდა იყოს შეკვეთილი დოზების რაოდენობის შემცირება.

წერილი 3 ივლისს ევროკავშირის ჯანდაცვის კომისარ სტელა კირიაკიდესთვის არის გაგზავნილი და მას ხელს აწერენ – პოლონეთი, ბულგარეთი, ხორვატია, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.

მანამდე, აღმოსავლეთ ევროპის რიგი ქვეყანა შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ არსებული კონტრაქტები, რომლებიც პანდემიის მძვინვარების დროს არის გაფორმებული, ქვეყნებს იმაზე მეტი დოზის შესყიდვას აიძულებს, ვიდრე მათ სჭირდებათ.

ევროკომისიამ 4,2 მილიარდამდე დოზის უზრუნველყოფა შეძლო, რაც თითქმის ათჯერ აღემატება ევროკავშირის მოსახლეობის რაოდენობას. თებერვლის მდგომარეობით, 1,3 მილიარდი დოზა უკვე მიწოდებულია ევროკავშირის ქვეყნებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ პანდემია იკლებს და ევროკავშირში ვაქცინაციის დამაკმაყოფილებელი დონეა მიღწეული, არსებული კონტრაქტები ვაქცინების მიწოდებას იმ რაოდენობით ითვალისწინებს, რომელიც ბევრად აღემატება სახელმწიფოების საჭიროებებს და მათი გამოყენების შესაძლებლობებს“, – ნათქვამია წერილში.

წერილს ხელმომწერები ამტკიცებენ, რომ ვაქცინები შესაძლოა, გამოუსადეგარი გახდეს ვარგისიანობის ვადის გასვლის გამო, რაც არის „სახელმწიფო რესურსების გაფლანგვა და რისი გონივრულად განმარტება საზოგადოებისთვის – შეუძლებელი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები