თენგიზ ფხალაძე: მინდა, ვიყო ოპტიმისტი და იმედი ვიქონიო, რომ აუცილებლად მივიღებთ ევროკავშირის წევრის სტატუსს, მაგრამ, იმავდროულად, ყოველი რისკი უნდა გავთვალოთ

“აუცილებელია სწორი გზავნილებით საზოგადოებასთან ურთიერთობა. მინდა, ვიყო ოპტიმისტი და იმედი ვიქონიო, რომ აუცილებლად მივიღებთ ევროკავშირის წევრის სტატუსს, მაგრამ, იმავდროულად, ყოველი რისკი უნდა გავთვალოთ”, – ამის შესახებ ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ფხალაძე ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ომი სწრაფად არ დასრულდება.

“ამ 100 დღის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა უპრეცედენტო გმირობა და თავდადება აჩვენა, რისი წყალობითაც არა მარტო შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა, არამედ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მათ დაამსხვრიეს მითი რუსეთის უძლეველობის შესახებ. ამ ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის ვერც ერთი ამოცანა ვერ და არ იქნა შესრულებული. კრემლი უკვე ნათლად ხედავს თავდაპირველ არასწორ გათვლებს, ასევე დემორალიზებულ არმიას. ის შეიარაღება, რომელსაც უკრაინა იღებს, აბსოლუტურად ცვლის ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსს, რაც იმის მაუწყებელია, რომ მომდევნო ფაზა აუცილებლად იქნება დიდი კონტრშეტევა. მცირე კონტრშეტევით ოპერაციებს უკრაინა წარმატებით ახლაც ატარებს ხერსონისა თუ ხარკოვის ოლქის მიმართულებით, მაგრამ დიდი კონტრშეტევა, რომელსაც ყველა ველით, აუცილებლად იქნება, თანაც წარმატებული. მოლაპარაკების კლასიკური რუსული სქემა ასეთია – როდესაც ხედავენ, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც სურთ, ლაპარაკს იწყებენ მოლაპარაკებაზე. სინამდვილეში ამით დროის მოგებას ცდილობენ, თუმცა მალევე არღვევენ ყველა შეთანხმებას და აძლიერებენ სამხედრო ძალით ზეწოლას. ის მოლაპარაკება, რომელიც ომის დაწყებიდან მალევე დაიწყო, სწორედ ასე წარიმართა. ახლა რუსეთი იწყებს ფიქრს, როგორ გამოვიდეს ამ ვითარებიდან და ამიტომ კვლავ ახსენებენ მოლაპარაკების შესაძლებლობას, თუმცა ისე, რომ უკრაინამ რაღაც უნდა დათმოს. ჩემი აზრით, ეს ეტაპი უკვე გავლილია. მარტში, აპრილის დამდეგს შეიძლებოდა უკრაინა დათმობაზე მართლაც წასულიყო, მაგრამ დღეს, როდესაც უკრაინელი ხალხი ავლენს საოცარ საბრძოლო სულისკვეთებას და რუსეთმა ამდენი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა, დათმობაზე ლაპარაკი სრულიად არარეალურია. დღეს უპირატესობა აშკარად უკრაინელების მხარეს არის. ისინი აუცილებლად იბრძოლებენ საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის. რაც მეტი წარმატება ექნება უკრაინას, მით მეტ შეთავაზებას გაახმაურებს რუსეთი მოლაპარაკების თაობაზე, თანაც მისი პოზიცია მით უფრო რბილი და დამყოლი იქნება.

სამწუხაროდ, ეს ომი სწრაფად არ დასრულდება. ის დამქანცველია ორივე მხარისთვის. ამიტომ რამდენად ექნება რუსეთს იმის შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ფრონტზე იომოს, რთული სათქმელია. პირადად მე ეჭვი მეპარება, თუმცა პროვოკაციები რუსეთის მოსახლეობის წინაშე ე.წ. სახის შენარჩუნებისთვის შეიძლება მოხდეს. ამიტომ ამისთვის მუდმივად უნდა ვემზადებოდეთ. გავიხსენოთ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის თემა, რომლის ჩატარებაც გადაიფიქრეს, თუმცა, მოვისმინეთ კრემლის პრესსპიკერ პესკოვის განცხადება – ახლა ამაზე ლაპარაკი ადრეა, ვნახოთ, რამდენიმე თვეში როგორი გეოპოლიტიკური ვითარება იქნებაო. მან სავსებით გასაგებად თქვა, ახლა ამისთვის არ გვცალია, მაგრამ შეიძლება რამდენიმე თვეში მოვიცალოთო. ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ. სწორედ უკრაინიდან გამომდინარე უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერისა და დახმარების კონსოლიდაცია. ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ უკრაინელი ხალხის გმირობასა და შემართებაზე, რაც უდავოდ გამაოგნებელია, მაგრამ უკრაინა ბევრს ვერაფერს შეძლებდა, რომ არა დასავლეთის უპრეცედენტო კონსოლიდაცია და დახმარება. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია ყოველთვის გავამახვილოთ ჩვენი პარტნიორების ყურადღება იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება საქართველოს დაუდგეს. მით უფრო, რომ ისინიც აცნობიერებენ ამას და ხშირადაც ლაპარაკობენ. ამის თაობაზე მოვისმინეთ კიდეც დიდი ბრიტანეთის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის, ასევე ნატოს გენმდივნისა თუ ამერიკის მაღალჩინოსნების არაერთი განცხადება. ყველა ჩვენი პარტნიორი აღნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან საშიშია მეზობლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ფრთხილად და ვემზადოთ ნებისმიერი სცენარისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების მიღება.

ჩვენი პრემიერის ბრატისლავაში გამოსვლის შემდეგ ბევრს გაუჩნდა ასეთი აზრი, რომ თურმე შეგვძლებია სწორი გზავნილების მიტანა პარტნიორებთან. ვფიქრობ, ეს არის “ქართული ოცნების” პრობლემა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა – ძალიან ხშირად ვერ ხედავენ იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს, ან ხედავენ, მაგრამ უყურებენ ვიწროპარტიული პრიზმიდან, საბოლოოდ კი ამგვარი განცხადებებით აზიანებენ საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც. ზოგჯერ გაკეთებულ საქმეებსაც ჩრდილს აყენებენ. საქართველოს თავის ევროპულ გზაზე აქვს წარმატებაც და მარცხიც. არ უნდა შეგვეშინდეს იმის აღიარების, თუ რაიმე არასწორად გავაკეთეთ. ჯერ ერთი, რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ყველაფერი რიგზე გვაქვს, არა მგონია, ჩვენი პარტნიორები ისეთი გულუბრყვილონი იყვნენ, რომ ეს დაიჯერონ. არაერთხელ მიუნიშნებიათ ხარვეზებზე და შემოუთავაზებიათ დახმარება მათ გამოსასწორებლად. მართალია, ეს ვერ გამოვიყენეთ და ვერ გამოვასწორეთ თუნდაც სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, მაგრამ ისინი მოწადინებული არიან, რომ რეფორმა გაგრძელდეს, და ახლაც მზად არიან დახმარებისთვის. დღეს იმის ძახილი კი არის საჭირო, სასამართლო სისტემაში ყველაფერი კარგად არისო, არამედ უნდა ვაღიაროთ შეცდომები და ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ რეალურად ვაპირებთ პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობას. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს შესაძლებლობის ფანჯარა გაჩნდა შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გამო და არა იმიტომ, რომ ჩვენ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ. ასე უფრო გულწრფელი ვიქნებით საკუთარი თავის შეფასებაშიც და ჩვენს პარტნიორებსაც დახმარების უფრო მეტი სურვილი ექნებათ. მუდმივად უნდა ვმუშაობდეთ ჩვენს პარტნიორებთან. მაგალითად, ევროპარლამენტს უკრაინისა და მოლდოვას მხარდამჭერი რეზოლუციები აქვს მიღებული, ჩვენს საკითხზე კი არა – იმის მაგივრად, რომ გვემუშავა ევროპარლამენტარებთან, მათი ლანძღვითა და დადანაშაულებით ვიყავით დაკავებული. პარტნიორს შეიძლება რაღაცაში არ ეთანხმებოდე, მაგრამ უთანხმოებისა და განსხვავებული შეხედულებების გამოთქმას თავისი წესი აქვს. შეუძლებელია პარტნიორობაზე ლაპარაკობდე ისე, როგორც ლაპარაკობს “ქართული ოცნების” ზოგიერთი წევრი, თან იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩვენს თაობაზე ან უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ან მისი მიღების პროცესზე დიდი ზეგავლენა აქვთ.

კითხვა ისმის – ასეთ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი მნიშვნელოვანი პროცესის არა ესმით რა, რა უნდათ პოლიტიკაში? ხოლო თუ ესმით, მაგრამ მაინც ასე იქცევიან, მაშინ ეს მეორე უბედურებაა. ასე რომ, ამას გამართლება არც ერთ შემთხვევაში არა აქვს. ძალიან ხშირად რიტორიკა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა და თუ გჭირდებით, მაშინ მიიღეთ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდო, გარკვეულწილად ჩვენი პარტნიორების დაშანტაჟების ელემენტებს ატარებს და ევროკავშირთან ურთიერთობის ძალიან მცდარი ფორმაა. თუ ამაზე დაფიქრდებიან და რიტორიკას შეცვლიან, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება საქართველოს. შეიძლება კანდიდატობის შეთანხმებაში მართლაც განსაზღვრული პირობები ჩადონ, შეიძლება განსხვავებული ვარიანტიც შემოგვთავაზონ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ვიმუშაოთ მაქსიმუმის მისაღებად, მაგრამ მუშაობა არ ხდება ეპისტოლარულად, პარტნიორების ლანძღვით და გაუგებარი განცხადებებით. გუნდი, რომელიც 10 წელია ხელისუფლებაშია, დღეს ამბობს, რომ თურმე ოპოზიცია არ აძლევს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის საშუალებას, რაც არასერიოზული განცხადებაა. რაც შეეხება ოპოზიციას, ის, რომ დღეს “ქართული ოცნებაა” ხელისუფლების სათავეში, ეს არა მისი სიძლიერის, არამედ ოპოზიციის სისუსტის ბრალია, იმ შეცდომების დამსახურებაა, რასაც უშვებს ქართველ საზოგადოებასთან, ხელისუფლებასა და ერთმანეთთან ურთიერთობაშიც კი. თუ შევხედავთ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, მათ შორის ამ ევროინტეგრაციის საკითხის პრიზმაში, პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, არის დაქსაქსულობა. თითქოს ყველა ვლაპარაკობთ, რომ გვინდა ევროპაში, მაგრამ რეალურად საქმეს არავინ აკეთებს. ნაცვლად იმისა, სრული ერთობის დემონსტრირება მოვახდინოთ, ისევ კინკლაობენ თავად ოპოზიციაშიც. ისიც კი ვერ მოხერხდა, რომ სრულ ოპოზიციურ სპექტრს ერთობლივად მიემართა ევროკავშირისთვის”,- აცხადებს რესპონდენტი.

ჟურნალისტის კითხვაზე – “თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე უარი გვითხრა, ეს ხომ არ გამოიწვევს საზოგადოებაში დასავლური კურსის დევალვაციას, რასაც რუსული პროპაგანდაც შეუწყობს ხელს?” – ფხალაძე პასუხობს:

“ესეც პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა. მათ არავითარ შემთხვევაში, ყველაზე ცუდ სცენარშიც კი არ უნდა დაუშვან ეს საფრთხე. ამიტომ ვამბობ, რომ უმნიშვნელოვანესია მოლოდინების სწორად მართვა და ურთიერთობა მოსახლეობასთან, და არა იმის ძახილი, საუკეთესონი ვართ და არ გვაფასებენო. აუცილებელია სწორი გზავნილებით ურთიერთობა საზოგადოებასთან. ეს პროცესი ფართო თვალსაწიერით უნდა დაინახონ და კარგად გააცნობიერონ. მინდა ვიყო ოპტიმისტი და იმედი ვიქონიო, რომ აუცილებლად მივიღებთ ევროკავშირის წევრის სტატუსს, მაგრამ, იმავდროულად, ყოველი რისკი უნდა გავთვალოთ”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები