„მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა” – ფილმის აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართება

10 ივნისს, 18:00 საათზე, ისტორიკოსი ალექსანდრე დაუშვილი გამართავს ლექციას „სამოციანი წლების საბჭოთა საქართველო”, რის შემდეგაც, 19:00 საათზე, მოეწყობა ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმის ჩვენება სახელწოდებით – „მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა” (აღდგენილი ვერსია).
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფილმი გადაღებულია 1978 წელს.
მთავარ როლებს ასრულებენ:
მამუკა სალუქვაძე (ნიკო); ვარლამ (ვალოდია) წულაძე (იოთამი); ცუცა მეძმარიაშვილი (როდამი – დედა); თენგიზ მაღალაშვილი (მკურნალი);  დარეჯან ხარშილაძე (ინალი);  რამაზ ჩხიკვაძე (კანცელარიის უფროსი);  კარლო საკანდელიძე (ერაძე);  რამაზ გიორგობიანი (მაღალი).
მოკლე აღწერა:  XIX საუკუნის მეორე ნახევარი საქართველოში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურებით აღინიშნა… მშობლიურ სოფელში დაბრუნებული სტუდენტი ნიკო ბურნაძე შეიტყობს, რომ უცხოელები ტყის შესყიდვას ცდილობენ. ტყეს და მასთან ერთად წინაპართა საფლავებს განადგურება ემუქრება. ნიკო ტყის გადასარჩენად სხვადასხვა ინსტანციებში იწყებს სიარულს, სოფლის ბედი ჩინოვნიკის ერთ ხელმოწერაზეა დამოკიდებული. ტყის გაყიდვით დაინტერესებული პირები ნიკოს მკვლელებს მიუგზავნიან. საზოგადოებაში უნდობლობა, უიმედობა და მტრობაა გამეფებული.
კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნდების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდ”-იდან ჩამოტანილია 51 ფილმი, აქედან აღდგენილია 38.
60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, გიორგი კაკაბაძის ხელმძღანელობით.
27 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ეროვნული კინოცენტრი ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით წარმოადგენს რეტროსპექტივას – „60-იანი წლების ქართული კინო”.
ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრების აღდგენა ახლახან დასრულდა და მათ მაყურებელი პირველად ნახავს.
კინოჩვენებები გაიმართება ეროვნული არქივის კინოდარბაზში და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები