ლეგენდის მორიგი გაბრწყინება – ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრან სლემის ჩემპიონია
ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრან სლემი მოიგო. 73 კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან იაპონელ კენ ოიოშის საკმაოდ დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლაში, დამატებით დროში ავასატე-იპონით სძლია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
“ლეგენდარულმა სპორტსმენმა მშობლიურ კედლებში გრან სლემის ოქრო პირველად მოიპოვა. შავდათუაშვილი გასულ წელს თბილისის პირველ გრან სლემზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო აქამდე ლაშამ თბილისის ტურნირის ოქრო 2018 წელს მოიპოვა, თუმცა მაშინ ჩვენი ქვეყანა გრან პრის მასპინძლობდა.
ამავე წონაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა გიორგი ტერაშვილი. მედლისთვის შეხვედრაში მან იტალიელ მსოფლიოს ვიცეჩემპიონსა და ევროპის ჩემპიონს მანუელ ლომბარდოს იპონით სძლია. 19 წლის ტერაშვილმა ტიტულოვანი და გამოცდილი იტალიელი ზედიზედ მეორედ დაამარცხა. პირველად მან ანტალიის გრან სლემის ფინალში აჯობა, როდესაც თავის კარიერაში მსოფლიო ტურის პირველი მედალი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე, ნახევარფინალურ ეტაპზე, გიორგი ტერაშვილი მომავალ ჩემპიონთან, ლაშა შავდათუაშვილთან დამარცხდა.
კიდევ ერთი ფინალისტი გვყავდა -81 კგ წონით კატეგორიაში. მსოფლიოს ვიცეჩემპიონმა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ ორთაბრძოლაში ის კორეელ ჯონვან ლისთან იპონით დამარცხდა.
შეჯიბრების მეორე დღის ბოლოს საქართველოს ნაკრებს ჯამში 8 მედალი აქვს – 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო. ამ მაჩვენებლით საქართველო თბილისის გრან სლემის მედლების საერთო ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს, მეორეზე სამხრეთ კორეის რესპუბლიკაა, ხოლო მესამეზე – საფრანგეთი.
ხვალ, 3 ივნისს, თბილისის გრან სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე გაიმართება. მედლები ვაჟთა შორის – სამ, ხოლო ქალთა ორ წონაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრები 12 ვაჟი და 2 ქალი ძიუდოისტით წარდგება. შეჯიბრებას თბილისის ახალი სპორტის სასახლე 12:00 საათიდან უმასპინძლებს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ადგილზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.