„ჩვენ არ ვუშლით ხელს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს“ – ვლადიმერ პუტინი

რუსეთი არ დგას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების უკან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

კრემლის ლიდერმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს „ბლეფი“ უწოდა.

„ეს ბლეფია და აგიხსნით რატომ. მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით 800 მილიონი ტონა ხორბალი იწარმოება. გვეუბნებიან, რომ უკრაინა მზად არის 20 მილიონი ტონა ექსპორტისთვის. ეს მხოლოდ 2,5%-ია“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, პირველ რიგში, შესაძლებელია, მარცვლეულის ექსპორტი იმ პორტებით განხორციელდეს, რომლებიც უკრაინის კონტროლს ექვემდებარება.

„ჩვენ არ ვუშლით ხელს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს. მისი ექსპორტი შესაძლებელია პორტებით, რომლებიც უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის შავი ზღვის აუზის პორტები – ოდესა და მიმდებარე პორტები. ნავსადგურების მისადგომები ჩვენ არ დაგვინაღმავს, ეს იყო უკრაინა, რომელმაც დანაღმა. მე უკვე ბევრჯერ ვუთხარი ყველა ჩვენს კოლეგას: განაღმონ და მარცვლეულით დატვირთულმა გემებმა დატოვონ სადგურები. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ მათ მშვიდობიან გავლას საერთაშორისო წყლებში“, – აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები