პრემიერი: უმთავრესი ამოცანა უმუშევრობის დაძლევაა

  მთავრობის უმთავრესი ამოცანა ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევაა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის ყოფის შემსუბუქება და უმუშევრობის დაძლევაა. პრემიერის თქმით, სექტემბრიდან კიდევ ერთი ახალი სახალხო პროგრამა ამოქმედდება, რომლის მიზანი ყველა რეგიონში მიკროსაწარმოების შექმნაა.
“საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს და მთელ რიგ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს წარმოების წასახალისებლად. ჩვენ კარგად გვესმის, რომ წარმოების ხელშეწყობა და წახალისება ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
იცით, რომ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან დაიწყო სახელმწიფო პროგრამა – “აწარმოე საქართველში”. ეს პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ქალაქებში, რაიონებსა და სოფლებში ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ხარისხიანი ქართული პროდუქციის გაჩენას, დაეხმარება მეწარმეებს ახალი საწარმოების შექმნაში. აღსანიშნავია, აგრეთვე, ის პროექტები, რომლებიც სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, ქართული სოფლის აღორძინებისათვის განახორციელა, რადგან მიგვაჩნია, რომ სოფლის სიძლიერე ქვეყნის სიძლიერის საწინდარია”, – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხორციელდება ეკონომიკური რეფორმები. ამ რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ქვეყნის განვითარება, თავისუფალი და ღია ეკონომიკა, კერძო საკუთრების უფლების დაცვა.
მოგეხსენებათ, რომ საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში მე-8 ადგილზეა. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო 22-ე ადგილზეა, ხოლო ევროპის რეგიონის 43 ქვეყანას შორის – მე-12 ადგილზე. 2014 წლის 6 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 6 პროცენტი შეადგინა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოვიდეს. საქართველოში უკვე მოქმედებს რამდენიმე ფონდი, რომელთა მიზანია გაზარდონ ინვესტორების დაინტერესება, ხელი შეუწყონ მათ და შესთავაზონ კონკრეტული პროექტები. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდების საქმიანობა”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები