„ერეკლე კოდუას ბოკერიამ და სააკაშვილმა უბრძანეს და ასე გამოცხვა ოპერაცია „შიზოფრენია”

   „კოდუა ასი წელი არ გამოჩნდებოდა და არ ილაპარაკებდა, დარწმუნებული ვარ, ბოკერიამ და სააკაშვილმა უბრძანეს ის, რაც თქვა და ასე გამოცხვა ოპერაცია “შიზოფრენია”, – ასე ეხმაურება რეჟისორი გოგა ხანდრავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას კუდის მაღალჩინოსნის ერეკლე კოდუას სატელევიზიო ინტერვიუს. ხაინდრავას ინფორმაციით, ერეკლე კოდუას მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა სწორედ მიხეილ სააკაშვილმა და გიგა ბოკერიამ განახორციელეს. მისი თქმით, სწორედ ამის გამო იძულებული გახდა კოდუა, რომ სატელევიზიო ინტერვიუ მიეცა. ხაინდრავას განცხადებით, კოდუამ სწორედ ამით გამოხატა სააკაშვილისა და ბოკერიას მხარდაჭერა. რეჟისორი ინტერვიუში ერეკლე კოდუას იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის გოგა ხაინდრავას ლიკვიდაციაზე საუბრობს.
„იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს სრული აბსურდი და სიგიჟეა. მე და ბადრი მეორე კლასიდან ერთად ვიზრდებოდით და ბოლო წლებში უახლოესი მეგობრები ვიყავით. ბევრმა აქცია ზურგი ბადრის, მაროდიორებად გადაიქცნენ და დღესაც წეწავენ მის ქონებას, თან მის მეგობრებად ასაღებენ თავს. შეიქმნა პატარკაციშვილის სახელობის პარტია, რომელიც ბადრის ოჯახს უჩივის და მისი სახელით მონაწილეობს არჩევნებში. თუ ვინმე იყო ბადრის გარემოცვაში უანგარო მასთან ურთიერთობაში, ეს მე ვიყავი“, – აცხადებს გოგა ხაინრავა.
ამავე ინტერვიუში, რეჟისორი 2007 წლის 7 ნოემბრის რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის ფაქტს კიდევ ერთხელ იხსენებს.
„ყველამ იცის, რა მოხდა 7 ნოემბერს, რომ არანაირი გადატრიალება არ ყოფილა. ვითარება ასეთი იყო: გაერთიანებულმა ოპოზიციამ 27 სექტემბერს დააანონსა 2 ნოემბრის გრანდიოზული მიტინგი. ამ დღეს საპროტესტო აქციაზე, მართლაც, უამრავი ხალხი გამოვიდა. ბადრი 2 ნოემბერს მოვიდა მიტინგზე. არ ყოფილა არანაირი მოწოდება გადატრიალებისკენ. პირიქით, ჩვენი ნაბიჯი – 200 ათასი კაცი რომ შინ მშვიდობიანად გავუშვით, შემდგომ ყელში ამოგვადინეს, როგორც ჩვენი შეცდომა. ჩვენ მშვიდობიანად დავშალეთ მიტინგი და გამოვაცხადეთ შიმშილობა. 7 ნოემბერს შიმშილობის მეექვსე დღე იყო, 40 კაცი დავლასლასებდით პარლამენტის შენობის წინ და რისი თავი გვქონდა?! თავი რომ გაიმართლონ, მოიგონეს ვერსია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის შესახებ. ხელისუფლებამ იმ დღეს ყველანაირი კანონი და კონსტიტუცია დაარღვია და მერე ცდილობდნენ, გაემართლებინათ თავიანთი საქციელი. ისე, ბადრი და კოდუა ერთმანეთს 2007 წლის დეკემბერში შეხვდნენ და რა შუაშია 7 ნოემბერი? ჩვენი უბედურება ის არის, რომ ბოროტ ერთუჯრედიან პრიმიტივებთან გვქონდა საქმე. კოდუა ასი წელი არ გამოჩნდებოდა და არ ილაპარაკებდა. დარწმუნებული ვარ, ბოკერიამ და სააკაშვილმა უბრძანეს ის, რაც თქვა და ასე გამოცხვა ოპერაცია “შიზოფრენია”. მას სხვა გზა არა აქვს, რომ არა მათი მხარდაჭერა, კოდუა დღეს გლდანის ციხეში იქნებოდა, ისევე როგორც, ადრე თუ გვიან, სააკაშვილი და ბოკერია ამოყოფენ თავს. ვერ გავიგე, რომელი დიდი ქილერი მყავს კოდუა, ვინ არის საერთოდ?! ერთი საინტერესო დეტალი იკვეთება, რომელიც ადასტურებს, რომ ჩანაწერი ბადრიმ გააკეთა და არა კოდუამ. ის, რაც მათ გააკეთეს, თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია. კოდუა სისულელეებს ამბობდა, გადამცემი ხან სიგარეტის კოლოფისხელა იყო, ხან ასანთის კოლოფის, ხან ფეხსაცმელში მედო, ხან სად და ხან სადო“, – ამბობს გოგა ხაინდრავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები