„მონა ლიზას“ თავს კრემიანი ნამცხვრით დაესხნენ

ამ დღეებში პარიზის ლუვრის დამთვალიერებელი შოკში ჩააგდო თავდასხმამ მონა ლიზაზე, რომელიც კრემიანი ნამცხვრით განახორციელა 36 წლის კაცმა.
თავიდან ყველაფერი ნორმალურად გამოიყურებოდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რა საფრთხე შეიძლება წამოსულიყო ინვალიდის ეტლით მოსარგებლე ხნიერი ქალბატონისგან. როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა კაცმა ოსტატურად შეინიღბა თავი პარიკითა და ბებრული მაკიაჟით და როცა ლეონარდო და ვინჩის შედევრის მოაჯირთან ახლოს მივიდა, უცებ წამოვარდა თავისი ეტლიდან, გადაევლო ბარიერს და კრემიანი ნამცხვარი მთელი ძალით სტყორცნა დამცავ მინას, მართალია, სურათს არაფერი დაშავებია, მაგრამ კრემით მოსვრილი მინა ისე ჩანდა, თითქოს ტილოს თეთრი კრემი წაეცხო.
მუზეუმის დაცვამ თავდამსხმელი რამდენიმე წამში დააკავა და კრემის კვალიც უცებ ჩამოწმინდა. როცა ის დააკავეს და გაჰყავდათ მუზეუმის დარბაზიდან ფრანგულ ენაზე ხმამაღლა ყვიროდა: „იფიქრეთ დედამიწაზე. არის ხალხი, რომელიც ანგრევს დედამიწას. იფიქრეთ ამაზე. მხატვრები გვეუბნებიან, რომ ვიფიქროთ დედამიწაზე. მე ეს სწორედ ამიტომ გავაკეთე“!
დაცვის პოლიციამ ახალგაზრდა კაცი ფსიქიატრიულ კვლევაზე გადაიყვანა და საქმე კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების მუხლით აღძრა. ჯერჯერობით მის ვინაობას არ ასახელებენ, მაგრამ აშკარაა, რომ ეს გარემოს დამცავი აქტივისტის მიერ განხორციელებული აქტია, ვინც ამ გზით სცადა მსოფლიოს გამოფხიზლება, რომელიც მერკანტილურ მოთხოვნებს წინა პლანზე აყენებს და დედამიწის მომავალზე ფიქრი ნაკლებად აღელვებს. არ არის გამორიცხული, რომ იგი მალე გარემოს დამცველმა ორგანიზაციებმა დამნაშავის ნაცვლად ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის მამაც მებრძოლად გამოაცხადონ.
ცხადია, რომ იგი ამ ჟესტით პლანეტის ყურადღების ცენტრში მოექცა და რამდენიმე წამში უფრო დიდი სარგებელი მოუტანა გარემოზე ზრუნვას, ვიდრე ქუჩაში გამოსულმა ათასობით ადამიანმა.
„მონა ლიზა” ადრეც არაერთხელ ქცეულა თავდასხმის ობიექტად. ზოგმა მისი გატაცება გამდიდრების მიზნით სცდა (და რამდენიმე წელი დასჭირდა მის ადგილზე დაბრუნებას), ზოგს საფრანგეთის საემიგრაციო პოლიტიკა არ მოსწონდა და მისი შედეგით უკმაყოფილომ კერამიკული ჩაის ჭიქა სტყორცნა. საბედნიეროდ, აქაც ტყვიაგაუმტარმა მინამ გადაარჩინა შედევრი დაზიანებას.
ბოლო ჯერზე კი იგი სამოქალაქო აქტივიზმის მიზნით გამოიყენა თავდამსხმელმა, ეტლში წითელი ვარდებიც რომ ეწყო და დამცავი მინის კრემით მოთხვრის შემდეგ ისინი ლუვრის დარბაზში მოაბნია.

 

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები