მაკა ბოჭორიშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მანტას ადომენასს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მანტას ადომენასს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოლოდინებზე. ხაზი გაესვა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფონზე, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ პოლიტიკური მხარდამჭერი გზავნილებისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას.

თავის მხრივ, მანტას ადომენასმა დადებითად შეაფასა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში მიმდინარე განხილვებისა და 23-24 ივნისს დაგეგმილი ევროპული საბჭოს ფარგლებში საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების პოლიტიკურ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები