„სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პირების უფლებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის განხორციელების შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პირების უფლებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა.
“ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განმეორდეს ის განუკითხაობა, წამება და დაშინება, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, და რისი მომსწრენიც, სამწუხაროდ, ჩვენ – ყველანი გავხდით.
ჩვენ უკვე გადავდგით ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ციხეებში აღარავის აწამებენ და პატიმართა უფლებები დაცულია, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ადამიანის უფლებების კუთხით. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორი მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ამ კუთხით. ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ ვითარების გამოსასწორებლად. მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, უკვე გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველაზე მაღალ სტანდარტებს ითვალისწინებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.