ბელგიის პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში პაუზის აღებაა საჭირო

ბელგიის პრემიერმინისტრი, ალექსანდრე დე კრო მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შემდეგ, ევროკავშირმა პაუზა უნდა აიღოს.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ბოლო პაკეტი არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობ, უნდა შევისვენოთ. დაე, ამ პაკეტმა იმუშაოს. რუსეთზე ნავთობის ემბარგოს გავლენა გაცილებით დიდია, ვიდრე – გაზის შემთხვევაში. გაზის გზა გაცილებით რთულია“, – თქვა მან სანქციების მეშვიდე პაკეტის შემოღების ალბათობასა და რუსული გაზის შესაძლო აკრძალვაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

მან დასძინა, “ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მოდით, ერთი წუთით გავჩერდეთ და შევხედოთ მის გავლენას. ნავთობის ემბარგოს დაწესება მთელი ევროკავშირის გამარჯვებაა, რომლისაც არავის სჯეროდა”.

მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დამტკიცებისთანავე, მუშაობა მეშვიდე პაკეტზე დაიწყონ.

როგორც ცნობილია, ევროკავშირმა რამდენიმე სახელმწიფოს წინააღმდეგობა დაძლია და რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს დაწესებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი აკრძალავს ზღვით რუსული ნავთობის იმპორტს – რაც  რუსული ექსპორტის 75%-ს შეადგენს. გამონაკლისი მილსადენის ნავთობისთვის გაკეთდა.

თუმცა, გერმანიამ და პოლონეთმა პირობა დადეს, რომ  წლის ბოლომდე ამასაც შეაჩერებენ, შესაბამისად, ნავთობის ემბარგო ევროპაში რუსული ექსპორტის 90%-ს დაფარავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები