ჩატარდება თუ არა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. რეფერენდუმი – გაგლოევს კითხვის ფორმულირება არ მოსწონს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა პირველი მოწვევის ე.წ. დეპუტატებთან რუსეთთან გაერთიანების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების საკითხი განიხილა, რომელიც მისი წინამორბედის, ანატოლი ბიბილოვის მიერ 17 ივლისს არის ჩანიშნული.

გაგლოევმა აღნიშნა, რომ ე.წ. რეფერენდუმის ფორმულირება კითხვებს აჩენს, ასევე, მისი თქმით, საჭიროა რუსეთთან კონსულტაციების გამართვა.

„პირველად რეფერენდუმის შესახებ დებატების დროს გავიგეთ, მისი ფორმულირება მაშინ სხვანაირად ჟღერდა, დღეს – სხვაგვარად. კითხვა ასე რომ იყოს დასმული: „თანახმა ხართ თუ არა სუბიექტად რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით?“, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნებოდა. დღეს კი რეფერენდუმის ფორმულირება ასეა წარმოდგენილი: „ემხრობით თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?“, – აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ასევე, მან ყურადღება ე.წ. რეფერენდუმის ფინანსურ კომპონენტზე გაამახვილა, რომელიც ე.წ. რესპუბლიკას 32,5 მილიონი რუბლი დაუჯდება.

„ჩვენ შეგვიძლია, მოვიძიოთ თანხები, შეიძლება ბანკიდან სესხის აღება, თუ რუსეთი მზად იქნება, წევრად მიგვიღოს“, – განმარტა პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე პირველი მოწვევის ე.წ. დეპუტატმა, კონსტანტინე კოჩიევმა თქვა, რომ რუსეთის ოფიციალური პოზიცია ე.წ. ელჩმა გააჟღერა.

„ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გადავდგათ ასეთი ნაბიჯები მოსკოვის თანხმობის გარეშე, აუცილებელია რუსულ მხარესთან კონსულტაციების გამართვა და ყველა ჩვენი ქმედების კოორდინაცია“, – აღნიშნა კოჩიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები