დავით სერგეენკო: დღეს მოვისმინე ოპოზიციონერი კოლეგისგან, მიღებულიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ერთი პატიმარის ციხიდან გათავისუფლებულიყო – ეს არა პოლიტიკური არამედ დარგობრივი გადაწყვეტილებაა
„დღეს მოვისმინე ოპოზიციონერი კოლეგისგან, მიღებულიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ერთი პატიმარი გათავისუფლებულიყო ციხიდან. ამას არ სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის დარგობრივი გადაწყვეტილება. ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ და არა პოლიტიკოსებმა. ასეთი აღრევა პოლიტიკურ და დარგობრივ გადაწყვეტილებას შორის ფილოსოფიაში და პოლიტიკაში ცნობილია ვოლუნტარიზმის სახელით და ასეთი მიდგომა საკითხისადმი არის ვოლუნტარისტული მიდგომა.
მე მინდა ჩემს კოლეგებს პროფესიულს, ექიმებს ვუსურვო გამძლეობა თავიანთ საქმეში და განსაკუთრებით ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან ისინი ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან და თქვენ, ბატონო მინისტრო, მინდა გისურვოთ წარმატება მართლაც ძალიან რთულ გზაზე, რასაც ადამიანი უფლებების დაცვა ჰქვია“, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით იუსტიციის მინისტრს უსმენენ.
სერგეენკოს თქმით, არასწორია ოპოზიციონერი დეპუტატების მოწოდებები იუსტიციის მინისტრის მიმართ, ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესახებ. მისივე თქმით, ეს არის დარგობრივი გადაწყვეტილება, რომელიც დარგის სპეციალისტებმა, ექიმებმა უნდა მიიღონ და არა პოლიტიკოსებმა.
„სტატისტიკა არის ძალიან თავისებური რამ. სტატისტიკა ყოველთვის არ უნდა გამოიყენო, მაგალითად როდესაც ლაპარაკობ ბავშვთა სიღარიბეზე, რომელიც სტატისტიკურად შემცირდა, მაგრამ სანამ ერთი ბავშვი მაინც არის, რომელიც სრულფასოვნად ვერ იკვებება, ნებისმიერი მთავრობის ღირსების საკითხი არის, რომ ყველაფერი გააკეთოს რომ ეს აღარ მოხდეს. თუმცა, არის ხოლმე ვითარება, როდესაც სტატისტიკა დაუნდობელი და ულმობელი ხდება ხოლმე და ეს არის გარდაცვალების სტატისტიკა.
სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლის შემდეგ, 7-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობა, არა 7-ით არამედ 7-ჯერ.ამას არ დასჭირვებია არა კლინიკური დარგობრივი რაიმე ტექნოლოგიების დანერგვა და არც რაიმე განსაკუთრებული ფინანსური ინტერვენციები. ამას დასჭირდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც იქამდე სამწუხაროდ არ იქნა მიღებული. ეს არის წელიწადში 100 თავიდან აცილებადი გარდაცვალება. 100 ადამიანი იღუპებოდა არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო და ეს იყო ის რეალობა, რომელიც გვქონდა სამწუხაროდ და ამის შეცვლას დასჭირდა პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ, რომელიც იქნა მიღებული.
ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელმაც დღის მდგომარეობით უკვე 100 ათასი ადამიანი გადაარჩინა არ სასჯელაღსრულების სისტემაში, არამედ მთლიანად საქართველოში. ეს იყო ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც სწორედ სასჯელაღსრულების სისტემაში დაიწყო თავიდან. სწორედ იქ და არა სხვაგან.
იმისათვის, რომ ეს პროგრამა განხორციელებულიყო, სამი ფაქტორი უნდა ყოფილიყო-პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქვეყანაში ექიმების და მეცნიერების შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი დონე და მაღალი დონის საერთაშორისო პარტნიორობა. ეს იყო ყველაფერი, თორემ მედიკამენტი, რომელიც ახლაც ალიან ძვირი ღირს, საერთოდ არაფერი არ დაუჯდა ქვეყანას, იმიტომ, რომ იქნა მიღებული სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება.
დღეს მოვისმინე ოპოზიციონერი კოლეგისგან, გამოყენებულიყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ერთი პატიმარი გათავისუფლებულიყო ციხიდან. ამას არ სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის დარგობრივი გადაწყვეტილება. ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ და არა პოლიტიკოსებმა. ასეთი აღრევა პოლიტიკურ და დარგობრივ გადაწყვეტილებას შორის ფილოსოფიაში და პოლიტიკაში ცნობილია ვოლუნტარიზმის სახელით და ასეთი მიდგომა საკითხისადმი არის ვოლუნტარისტული მიდგომა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.