ანდრეი კასიანოვი: მადლობა საქართველოს გუნდს, დიპლომატებს ძლიერი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის
პატივია, მონაწილეობა მივიღო ღონისძიებაში, სადაც აჯილდოებენ ქართველ დიპლომატებს, რომლებმაც, მიუხედავად გამოწვევებისა და საფრთხისა, გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების დაჯილდოებაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კასიანოვმა საქართველოს გუნდს, დიპლომატებს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის პატივია, მონაწილეობა მივიღო ღონისძიებაში, სადაც აჯილდოებენ ქართველ დიპლომატებს, რომლებმაც, მიუხედავად გამოწვევებისა და საფრთხისა, გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა უკრაინაში. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ევროპის ხუთი ქვეყნის ლიდერი იმყოფებოდა აქ, რომ მტკიცე მხარდაჭერა გამოეცხადებინა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. მათ შორის იყო უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც ნათლად აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველთვის მხარს დაუჭერდა საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. დღეს კი, ყველაზე კრიტიკულ დროს, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის დროს, ქართველმა დიპლომატებმა შეასრულეს თავიანთი საქმიანობა უკრაინაში. მიუხედავად საფრთხისა და გამოწვევებისა, აჩვენეს საქართველოს სრული მხარდაჭერა, სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. იმედი მაქვს, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და ურთიერთობა უფრო კონსოლიდირებული იქნება, რომელიც სარგებლის მოუტანს უკრაინელებს და ქართველებს. კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს გუნდს, დიპლომატებს ძლიერი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები ღირსების მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოვდნენ:
გიორგი ზაქარეიშვილი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი;
თორნიკე ბერეკაშვილი – ოდესაში საქართველოს გენერალური კონსული;
კუკური თოფურია – უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი;
ნანა ჩაბრავა – უკრაინაში საქართველოს საელჩოს მუდმივი წარმომადგენლობის კონსული;
იაროსლავ მუზიჩკო – საქართველოს საპატიო კონსული ლვოვში.