სოსო არჩვაძე: სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით, ჯინის ინდექსი შემცირებულია 2012 წლის 0.41-დან 2021 წლისთვის 0.34-მდე, რაც, ფაქტობრივად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეს შეესაბამება
ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში 2012 და 2021 წლებში ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს და სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით მონაცემებს ადარებს.
როგორც ექსპერტი წერს, წინა ხელისუფლების პირობებში ყველა ინდექსი გაცილებით დაბალი იყო, ახლა კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეს შეესაბამება.
“საქართველო სოციალური სახელმწიფოა (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 5), რის მიხედვითაც ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია:
ა) მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისაკენ;
ბ) მოსახლეობის სოციალური დაცვისაკენ;
გ) შემოსავლებსა და კეთილდღეობაში უთანაბრობის თანდათანობითი შემცირებისაკენ.
2012 წლის შემდეგ საქართველოში თანმიმდევრულად ხორციელდება ზემოხსენებული ამოცანები. შინამეურნეობათა შემოსავლები 2012 წელთან შედარებით 2021 წლისთვის გაიზარდა 77.7 პროცენტით, მათ შორის დაქირავებული შრომიდან – 92.0 პროცენტით, მაშინ როდესაც ინფლაციამ იმ პერიოდში 49.1 პროცენტი შეადგინა.
რეალურ განზომილებაში შინამეურნეობათა შემოსავლები 2012 წლის შემდეგ გაზრდილია 1.2-ჯერ, ხოლო ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები – თითქმის 1.3-ჯერ.
საბიუჯეტო ხარჯებში ხარჯები სოციალურ დაცვაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე 2012 წელთან შედარებით გაიზარდა 1.5-ჯერ და მეტად, გადააჭარბა რა ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების ნახევარს (2012 წ. – 32%).
მკვეთრად შემცირდა უთანაბრობის კოეფიციენტი – ჯინის ინდექსი შემოსავლებისა და ხარჯების ყველა პარამეტრის მიხედვით – საშუალოდ – 15-18 პროცენტით. სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით ჯინის ინდექსი შემცირებულია 2012 წლის 0.41-დან 2021 წლისთვის 0.34-მდე, რაც ფაქტობრივად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეს შეესაბამება.
უთანაბრობის შემცირება ხორციელდება არა მარტო შემოსავლებისა და ხარჯების სხვადასხვა ასპექტით, არამედ სოციალური ჯგუფების და ქალაქ-სოფლის ჭრილშიც.
2012 წლის შემდეგ ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა 15.6%-ით (22.4%-დან 18.9%-მდე), ხოლო აბსოლუტური სიღარიბის დონე – 41.7 პროცენტით (30.0%-დან 17.5%-მდე).
თუ 2012 წელს აბსოლუტურ სიღარიბეში იმყოფებოდა საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები, 2012 წელს – უკვე მხოლოდ ყოველი 6-ე.
ცნობისათვის:
აბსოლუტური სიღარიბე – მოსახლეობის ერთ სულზე 1.9 აშშ დოლარზე ნაკლები სამომხმარებლო ხარჯები დღეში.
შეფარდებითი სიღარიბე – მედიანური მოხმარების 60% ან 40%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი.
მედიანური მოხმარება – მოხმარების დონე, რომელთანაც მიმართებით მოსახლეობის ნახევარს აქვს უფრო მაღალი ფაქტობრივი მოხმარება, მეორე ნახევარს კი – უფრო დაბალი ფაქტობრივი მოხმარება”, – წერს არჩვაძე სოციალურ ქსელში.