ოთარ დანელია ვაზის სანერგე მეურნეობაში იმყოფებოდა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაღდათის რაიონში ვაზის სანერგე მეურნეობა მოინახულა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული სანერგე მეურნეობა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივია, სადაც ცოლიკაურის ჯიშის ვაზის ნერგი 4 ათას ჰა–ზეა გაშენებული.
ოთარ დანელიას განცხადებით, იმერეთის რეგიონში პრაქტიკულად მხოლოდ ცოლიკაურის ჯიშის ვაზი ხარობს. აქედან გამომდინარე მსგავსი ტიპის სანერგე მეურნეობის არსებობა მხარეში მევენახეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სანერგეს მესაკუთრეებმა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი ჩამოაყალიბეს.
„სასოფლო–სამეურნეო დარგის კოოპერაციის საწყისებზე დაფუძნებული ინსტიტუციური მოწყობა ყველაზე სიცოცხლისუნარიან სისტემას წარმოადგენს, რაც ზრდის კონკურენტუნარიანობას და ფერმერებს სასოფლო–სამეურნეო რესურსებზე, მომსახურებასა და ბაზრებზე უკეთსი წვდომის საშუალებას აძლევს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.