ირაკლი კობახიძე ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის მმართველი ნაციონალური პარტიის პრეზიდენტს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის მმართველი ნაციონალური პარტიის პრეზიდენტს, ანდონი ორტუსარს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები შეაფასეს.
მათივე ინფორმაციით, აღინიშნა, რომ არსებობს კარგი პერსპექტივა, გაფართოვდეს სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები და თანამშრომლობა.
„შევხვდით ბასკეთის მმართველი პარტიის ლიდერს. გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა ორმხრივ თანამშრომლობაზე, რაც არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. ბასკეთი არის ძალიან განვითარებული რეგიონი და საქართველოს აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რომ სხვადასხვა, მათ შორის, ეკონომიკის, სპორტის, კულტურის, განათლების მიმართულებებით გააფართოვოს მათთან კავშირები და თანამშრომლობები.
დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი იქნება წარმატებული და გაღრმავდება თანამშრომლობა საქართველოსა და ბასკეთს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული ესწრებოდნენ.