ნიკოლოზ ნამორაძეს კრიტიკოსთა წრის ჯილდო მიენიჭა

ამ დღეებში გაერთიანებული სამეფოს კრიტიკოსთა წრემ, რომელიც ხუთასამდე წამყვანი არტჟურნალისტისა და კრიტიკოსისგან შედგება, მუსიკის სფეროში 2020-2021 წლებში მიღწეული წარმატებისთვის ახალგაზრდა ტალატის კომპეტენციაში თავისი ჯილდო გადასცა უნიჭიერეს ქართველ პიანისტს, ნიკოლოზ ნამორაძეს.
ნამდვილად მართლდება ჯულიარდის კონსერვატორიაში მისი მასწავლებლის, გამოჩენილი კომპოზიტორის ემანუელ აქსის აზრი, რომელიც მან სამი წლის წინათ გამოთქვა: „ნამორაძე რენესანსული კაცია, აშკარაა, რომ ის გახდება თავისი თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტისტი“.
კრიტიკოსთა წრის ჯილდო ძალზე პრესტიჟული მონაპოვარია, იგი 1913 წლიდან არსებობს და თეატრის, მუსიკის, კინოს, ცეკვის, სახვითი ხელოვნებიას და წიგნის სფეროს მიღწევებს აღნუსხავს. ფილმის კრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო ფიპრესი (FIPRESCI) მოგვიანებით ბრიუსელში (1930 წელს), სწორედ მისი ანალოგიით შეიქმნა.
ნიკოლოზ ნამორაძესთან ერთად ამ ჯილდოს მფლობელები გახდნენ: კომპოზიტორი ალექს ჰო, დირიჟორი ჯონათან ჰეივოდი, ვოკალისტი უილიამ ტომასი.
ქართველი მუსიკოსის შესახებ შეფასებაში წერია, რომ იგი უფრო მეტია, ვიდრე მაღალი რანგის პიანისტი, ის უსამართლოდ დავიწყებული რეპერტუარის შეუწყვეტელი მაძიებელია, იბრძვის რა იორკ ბოუენის (York Bowen) საფორეპიანო მუსიკის ხელახლა ასაჟღერებლად. მისმა კონცერტებმა 2020-2021 წლებში „ვიგმორ ჰოლსა“ და „როიალ ფესტივალ ჰოლში“, სტრავინსკის კაპიჩიომ პიანოსა და ორკესტრისთვის, ასევე ბეთჰოვენის მეოთხე საფორტეიანო კონცერტში მონაწილეობამ ლონდონის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად მას იმგვარი წარმატება მოუტანა, რომ კრიტიკოსთა წრის ყურადღებაც კი დაიმსახურა, რაც ასე სასახელო გამარჯვებით დაგვირგვინდა.
ნიკოლოზ ნამორაძემ, კოვიდის პანდემიის ჩაცხრობის შემდეგ, აქტიური საკონცერტო მოგზაურობა განაგრძო, მას უკვე ჰქონდა გამოსვლები პოლინგში, ოლპეში (გერმანია), ბაზელში (შვეიცარია), პორტენდში (აშშ). წლის ბოლომდე კი კონცერტებით ელიან: ტორონტოში, რეგინასა და კალგარიში (კანადა), მონპელიეში (საფრანგეთი), სანფა ფეს კამერული მუსიკის ფესტივალზე (აშშ), ასევე – ბონის ბეთჰოვენფესტზე (გერმანია)
გულითადად ვულოცავ ნიკოლოზ ნამორაძეს კრიტიკოსთა წრის ჯილდოს, მჯერა, ამ ახალგაზრდა ტალანტის შემჩნევა და აღიარება, მის შესაძლებლობებს გაცილებით ღრმად და სრულყოფილად გამოავლენს.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები