კულტურის სამინისტრომ, ქართული ესტრადისა და ფოლკლორის ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა

 25 მაისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი -,,ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ გამოაცხადა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტია 500 000 ლარი და მისი მიზანია რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე, მუსიკოს-შემსრულებელთა, შემოქმედებითი ჯგუფებისა და ანსამბლების შემოქმედებითი საქმიანობის, კერძოდ, რეგიონებში ქართული ესტრადისა და ფოლკლორული კონცერტების გამართვის ხელშეწყობა და საგასტროლო ხარჯებით უზრუნველყოფა.
„გასულ წელს კონკურსი ოდნავ განსხვავებულად ჩატარდა, რადგან ის ესტრადასა და ფოლკლორთან ერთად კლასიკურ მუსიკასაც მოიცავდა. 2021 წელს კონკურსის „კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ ბიუჯეტი შეადგენდა 700 000 ლარს და მის შედეგად განხორციელდა 18 პროექტი, რომელთა ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფელსა და დაბაში, ასევე, დევნილთა დასახლებებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ 76 კონცერტი გაიმართა. ღონისძიებებში მონაწილეობა სულ 233-მა ხელოვანმა მიიღო.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. კონკურსანტს კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა.
კონკურსში უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომლის ფარგლებში:
ა) კონცერტები გაიმართება 2 ან მეტ ადმინისტრაციულ-გეოგრაფიულ პუნქტში;
ბ) კონცერტები გაიმართება ღია სივრცეში;
გ) კონცერტები გაიმართება პატარა და საშუალო დასახლებებში (სოფელი, დაბა, პატარა ქალაქი და სხვა).
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 25 მაისიდან 2022 წლის 3 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 310 303 (სამუშაო საათების განმავლობაში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 15 ივნისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანებით „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი: https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები: https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები: https://cutt.ly/HHNfwtQ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები