კულტურის სამინისტრომ დედაქალაქის პროფესიული თეატრების რეგიონებში საგასტროლო ხარჯებით ხელშეწყობისთვის კონკურსი გამოაცხადა
25 მაისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ გამოაცხადა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 250 000 ლარს და მისი მიზანია რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაში თეატრალური ხელოვნებისადმი ხელმისაწვდომობის და ინტერესის გაზრდა, დედაქალაქის პროფესიული თეატრების რეგიონებში გასტროლების ხელშეწყობა, ქართული თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და თეატრალური საქმიანობის გააქტიურება.
„აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამავე კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 200 000 ლარს. კონკურსის შედეგად განხორციელდა 8 პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფელსა და დაბაში გაიმართა 44 თეატრალური წარმოდგენა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ დედაქალაქის პროფესიულ თეატრებს, განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა და კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი.
კონკურსში უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომლის ფარგლებში:
ა) თეატრალური გასტროლი გაიმართება 2 ან მეტ ადმინისტრაციულ-გეოგრაფიულ პუნქტში;
ბ) თეატრალური წარმოდგენა გაიმართება ღია სივრცეში;
გ) თეატრალური წარმოდგენა გაიმართება პატარა და საშუალო დასახლებაში (სოფელი, დაბა, პატარა ქალაქი და სხვა).
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 25 მაისიდან 2022 წლის 3 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე – 577 470 691 (სამუშაო საათების განმავლობაში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 15 ივნისისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანებით „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი: https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები: https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები: https://cutt.ly/pHNdAdu