სავაჭრო პალატამ პროექტის ,,100 ვებ-გვერდი ბიზნესს“ პრეზენტაცია გამართა და გამარჯვებულ მეწარმეებს შეხვდა
საქართველოს სავაჭრო პალატა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერითა და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით პროექტს „100 უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“ ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სავაჭრო პალატის ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაცია და გამარჯვებულ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში’’, სადაც ღონისძიების პარალელურად, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა მოეწყო.
„ღონისძიება სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა,გიორგი პერტაიამ გახსნა.
პალატამ, პროექტის ფარგლებში, გამარჯვებული მეწარმეებისთვის უზრუნველყო: ვებ-გვერდის დამზადება, ვებ-გვერდის მართვის ტრენინგ კურსები, ერთწლიანი უფასო დომენი, ჰოსტინგი და ტექნიკური მხარდაჭერა.
პროექტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყოს ბიზნესის გაციფრულების პროცესსა და ელ-კომერციის განვითარებას.
მეწარმეებს მათ პროდუქტებზე მორგებული ვებ-გვერდების შექმნაში „შპს ინტეგრალი“ დაეხმარება. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კი, პროექტის მონაწილე კომპანიები ახალშექმნილ ვებ-გვერდებზე ელ-კომერციის ფუნქციონალის ჩაშენებას შეძლებენ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული ბიზნესების სამომავლო განვითარებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.