ვინ, როდის და სად აიღო 15 მილიონი? ვინ და როგორ იყენებდა „ბილაინის’’ ტექნიკურ მონაცემებს?

ვინ, როდის და სად აიღო 15 მილიონი, ვინ და როგორ იყენებდა „ბილაინის’’ ტექნიკურ მონაცემებს? – სააკაშვილის მეგობარი, ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია, ამ კითხვებს გაურბის. რატომ გაყიდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ “ბილაინის” წილი და რატომ გამოთქვა ხელახლა მისი ყიდვის სურვილი სააკაშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ?!

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია „ბილაინის“ („ვიონი საქართველო“) 100%-იანი წილის ყიდვას გეგმავს, გადავწყვიტეთ საზოგადოებას გავახსენოთ ამ კომპანიასთან დაკავშირებული არაერთი სკანდალი, რომელიც სააკაშვილის ბიზნეს თუ პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება „ბილაინის“ მიმართ. 2005 წელს, სანამ „ბილაინი“ ოფიციალურად შემოვიდოდა საქართველოში, მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ პროკურატურას მოუწოდა დაინტერესებულიყო კომუნიკაციების კომისიის მიერ „მეგაკომისთვის“ ლიცენზიის აღდგენის საკითხით. „მეგაკომმა“ ლიცენზია ფიჭური კავშირის განხორციელებაზე 1993 წელს 10 წლის ვადით მიიღო. 2004 წელს კომუნიკაციების კომისიამ ლიცენზია გააუქმა, 2005 წელს კი – 250,000 ლარად აღადგინა, მაშინ როცა, ბენდუქიძის აზრით, ლიცენზია შეიძლებოდა გაყიდულიყო 27 მილიონ ლარად, ანუ იმდენად, რამდენიც ამავე სიხშირის ნაწილში „მაგთიკომმა“ გადაიხადა. კახა ბენდუქიძე ამ პროცესს ღიად უწოდებდა კორუფციულს. „გარეგნულად ეს გამოიყურება ასე, რომ თითქოს ”მეგაკომმა” უჩივლა კომისიას და კომისია ეკამათა, ეკამათა და მერე იძულებული იყო საოლქო სასამართლოში გარიგებაზე მოეწერა ხელი”, – ამბობდა მაშინ ბენდუქიძე რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში და აცხადებდა, რომ კორუფციული გარიგების ნიშნებს ხედავდა.

სკანდალი გაღრმავდა მას შემდეგ, რაც რუსულმა „ვიმპელკომმა“(„ბილაინი“) საქართველოში ოპერირება დაიწყო, როგორც „მეგაკომის“ პარტნიორმა. ბენდუქიძემ პირდაპირ დაადანაშაულა ქიტოშვილი (კულუარული ინფორმაციით, ამის თაობაზე სერიოზული დაპირისპირება ჰქონდა სააკაშვილთანაც) „ბილაინისთვის“ სასათბურე პირობების შექმნაში. გარდა ამისა, „ვიმპელკომმა“ სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაალაგა საქმე ისე, რომ დანარჩენი საქართველოს გარდა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც ჰქონოდა ოპერირების უფლება. საბოლოოდ, ამ ყველაფერში „ვიმპელკომმა“ 15 მილიონი გადაიხადა, რაც სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებების მიხედვით, ბიუჯეტში არ შესულა. მაშინვე გაჩნდა კითხვა, რატომ უქმნიდა სასათბურე პირობებს სააკაშვილი „ბილაინს – ბიზნეს-ინტერესი ჰქონდა, პოლიტიკური თუ ორივე ერთად?! ფაქტია რომ „ბილაინი“ ბაზარზე შემოსვლიდან მალევე უკავშირდება სააკაშვილის მეგობარ ბიზნესმენებს. კერძოდ, „ბილაინის“ დამფუძნებელი ორივე კომპანია (Delgado Resources და Watertrial Industries) დაკავშირებული იყო სააკაშვილის მეგობარ და მაშინდელი „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ მფლობელ ლევან ყარამანიშვილთან. ამავე კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ასევე გახლდათ ზემოთ ხსენებული ხვიჩა მაქაცარია, რომელიც ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭოშიც იყო.

ჟურნალისტებთან კონტაქტზე არ გამოდის ხვიჩა მაქაცარია, რომელიც არაერთი სხვა ბიზნესის მფლობელია საქართველოში (მიკროავტობუსები, ლატარიის კომპანია და სხვა)… არადა, კითხვები მართლაც ბევრია მის კავშირებთან დაკავშირებით სააკაშვილთან და მის გარემოცვასთან. ასევე, საინტერესოა, თუ რატომ გაყიდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბილაინის წილი და რატომ გამოთქვა ხელახლა მისი ყიდვის სურვილი? ხომ არ ემთხვევა მისი გადაწყვეტილება სააკაშვილის ვითომდა გალაშქრებას „ბილაინის“ წინააღმდეგ, რომელიც მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა პოლიტიკურ ინტერესებში დაადანაშაულა. ვინ, როდის და სად აიღო 15 მილიონი? ვინ და როგორ იყენებდა „ბილაინის’’ ტექნიკურ მონაცემებს? ვის და როგორ შემოჰყავდა რუსი ოლიგარქები საქართველოში? სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ გამოვაქვეყნოთ ხვიჩა მაქაცარიას პოზიცია აღნიშნულ საკითხებზე. ჩვენ გავაგრძელებთ „ბილაინთან“ დაკავშირებით თემაზე მუშაობას და საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით.

წყარო:reportiori.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები