გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
სამი კომიტეტის დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ შესრულების 3 თვის შედეგები მიმოიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენ პირველი კვარტალი საკმაოდ კარგად დავიწყეთ, ეკონომიკური ზრდა იანვარში 18%-იანი გვქონდა, თებერვალში 14,6% შეადგინა, ხოლო მარტში 10,6% -ია. ჯამში, პირველ კვარტალში წინასწარი შეფასებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 14,4%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ პოზიტიურია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პარამეტრებს, განსაკუთრებით ექსპორტის ნაწილში, გარკვეული შემცირებები ჰქონდა უკვე მარტში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ დადებითია. სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, გვაქვს ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, წლიური ინფლაციის დონემ მარტისთვის შეადგინა 11,8%, დაახლოებით იგივე პარამეტრშია საშუალო ინფლაციაც და ეს არის ერთ-ერთი გამოწვევაც, რაც მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში, 2022 წელს დგას და ამ კუთხით იქნება საზრუნავი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე საუბრისას.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კანონმდებლებს მიმდინარე წლის იანვარ-მარტის მაკროეკონომიკური მიმოხილვის, ამავე პერიოდში ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების შემოსავლების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
გიორგი კაკაურიძის თქმით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 37,9%-ით არის გაზრდილი და 3 მლნ 865 ათას დოლარს შეადგენს.
მათ შორის, ექსპორტი გაზრდილია 43,3%-ით, ხოლო იმპორტი – 35,7%-ით.
მისივე თქმით, პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირი, შემდეგ მოდიან თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი.
ტურიზმს რაც შეეხება, ვიზიტორთა რაოდენობა ამ წელს, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია.
აქედან მიღებულმა შემოსავალმა ქვეყნის ეკონომიკაში 393.7 მლნ დოლარი შეადგინა.
ზრდა დაფიქსირდა ფულადი გზავნილების ნაწილშიც და მან 471.3 მლნ დოლარი შეადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების კუთხით მობილიზებულია 4 მილიარდ 508 მილიონ ლარზე მეტი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლებთან შედარებით გადაჭარბებულია და საპროგნოზო მაჩვენებლის 102,3%-ს შეადგენს.
იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაშიც გადაჭარბებაა და ამ პერიოდში მობილიზებულია საპროგნოზო მაჩვენებლის 101,3%. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება კი კვარტალთან მიმართებაში 93,9%-ს შეადგენს.
გიორგი კაკაურიძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა ასევე ცალკეული უწყებების მიხედვით კვარტალური ბიუჯეტის შესრულების შესახებ და განაცხადა, რომ მართალია შესრულების მაჩვენებელი სხვადასხვაა, თუმცა, მნიშვნელოვნად დაბალი შესრულების მაჩვენებელი არც ერთ უწყებაში არ არის.
მისი თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დიდი ბიუჯეტის მქონე უწყებაა, პირველ კვარტალში 406, 5 მლნ ლარის შესრულება შეძლო, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 109%-ს შეადგენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ათვისების მაჩვენებელი 89,9%-ია – 131 მილიონ 562 ათასი ლარის საკასო ხარჯი იქნა გაწეული.
გიორგი კაკაურიძემ ასევე ისაუბრა ამ ორი უწყების მიერ სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების მიხედვით თანხების ათვისებაზე, უპასუხა კომიტეტების წევრების კითხვებს.
განმარტებები ასევე გააკეთა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა. კომიტეტებმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღეს“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.