ირაკლი ღარიბაშვილი: ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სოციალური საცხოვრებლის მშენებლობა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სოციალური საცხოვრებლის მშენებლობა იწყება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს ბეშუმში განაცხადა. პრემიერმა აჭარლებს შუამთობის სახალხო დღესასწაული მიულოცა.
რაც შეეხება სკოლებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, არც ერთი სკოლის დახურვა არ იგეგმება ზემო აჭარაში, მიუხედავად იმისა, რამდენი ბავშვი სწავლობს ამა თუ იმ სოფელში.
“ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის, პირადად ჩემთვის არის, რომ სათანადო განათლება მიიღოს საქართველოს ყველა მოქალაქემ. ჩვენ ამისთვის ვაშენებთ და ავაშენებთ კიდევ მომავალში ბაგა-ბაღებს, დამატებით სკოლებს. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიხსნა ახალი ამბულატორიები, გაიზარდა სოფლის ექიმის ხელფასი და თქვენ უკვე აღარ მოგიწევთ ექიმთან მისასვლელად დიდი მანძილის გავლა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ვინაიდან ბეშუმში საკურორტო სეზონზე ხალხმრავლობაა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ყველანი იქნებით მაქსიმალურად დაცულები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.