სილაგავა – „მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან წისქვილკომბინატების სეზონზე ამუშავებასა და საქმიანობის შემდგომში გაგრძელებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს“

მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან წისქვილკომბინატების სეზონზე ამუშავებასთან და საქმიანობის შემდგომში გაგრძელებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინდუსტრიას მუშაობის გაგრძელება პურის ფასის გაძვირების სანაცვლოდ არ მოუთხოვია.

„რაც შეეხება იმას, რომ ახლო მომავალში საქართველოში ხორბლის მოსავალი მოდის და ჩვენ ამით ვიმუშავებთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ გადაწყვეტილება დღეს მყისიერად უნდა იყოს მიღებული. დღეს თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს დაბნეულეობას გამოიწვვს, მათ შორის, ფქვილის იმპორტიორებში, ჩვენც ვერ მოვასწრებთ ხორბლის შეკვეთას, რაც გარკვეულ წყვეტას გამოიწვვს. უბრალოდ, ჩვენი აზრით, გადაწყვეტილება ახლო მომავალში უნდა იყოს მიღებული, რომ 1-ელი ივლისისათვის, ანუ ხორბლის მოსავლის აღებისთის, არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში, გარკვეულწილად, ადგილობრივი წისქვილკომბინატების მომზადება მოხდეს იმისათვის, რომ მათ ადგილობრივი ხორბლის მოსავალიც დაფქვან და შემდგომშიც არ გაჩერდნენ. ამაზე ვმუშაობთ. ესაა თემა, როცა ვამბობთ, რომ არცერთ ეტაპზე, ჩვენს ინდუსტრიას თავისი მუშაობის გაგრძელება პურის ფასის გაძვირების სანაცვლოდ არ მოუთხოვია. ამას არც მომავალში ვაპირებთ.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან წისქვილკომბინატების სეზონზე ამუშავებასთან და მუშაობის შემდგომ გაგრძელებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. სეზონზე 2 -თვიანი მუშაობა და მერე გაჩერება, ფაქტობრივად, წისქვილკომბინატებისთვის არაპროგნოზირებადი გარემოა.

რაც შეეხება მოსავლის ოდენობას – ზუსტად არ ვიცით. ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გასავრცელებული ინფორმაციაა. სავარაუდოდ, ისინი ამბობენ, რომ 130 000 ტონა იქნება. როცა ხორბლის მოსავალზე ვლაპარაკობთ, იქ გარკვეული პროცენტული რაოდენობაა როგორც არასასურსათო, ისე სასურსათო“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

სილაგავამ იმ გეგმაზეც ისაუბრა, რაც წისქვილკომბინატებს ჰქონდათ, რათა მათი მუშაობა არ შეჩერებულიყო. მისი თქმით, წისქვილკომბინატებს ქვეყნის წინაშე საკმაოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აქვთ.

„საუბარი იყო იმაზე, წისქვილკომბინატები პურის გაძვირების სანაცვლოდ მუშაობას რატომ ითხოვენო. ძირითადად, საკითხები ასე იყო წარმოდგენილი, რასაც არ ვეთანხმებით. გაჟღერებული იყო, რომ წისქვილკომბინატები მათი მუშაობის სანაცვლოდ გადასახადის შემოღებას ითხოვენ, რაც პურს გააძვირებს. სინამდვილეში, წისქვილკომბინატებს ქვეყნის წინაშე საკმაოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აქვთ, რომ, მათი ინდუსტრიის მუშაობის სანაცვლოდ, ქვეყნისთვის პურის გაძვირება არ მოითხოვონ. საქმე ცოტა სხვანაირად იყო. ჩვენი გეგმა ხორბლის და ფქვილის იმპორტს შორის დამაბალანსებელი გადასახადის შემოღებას გულისხმობდა. გადასახადი დღეს სხვადასხვაა და ზუსტად ამან გამოიწვია ის, რომ ხორბალი არ შემოდის და ფქვილი შემოდის. დაბალანსებული გადასახადი ძალიან სწორად გამოსახავს იმ შინაარსს, რომელსაც ვითხოვთ. ანუ ფქვილზე დაბალანსებული გადასახადის შედეგად, შესაძლებელია ფქვილის და ხორბლის შემოტანის სწორი კონკურენციის პირობებში ჩაყენება. იმ პირობებში, რომელშიც მანამდე იყო, სანამ მცურავი ბაჟი შემოვიდოდა, მათ შორის, რუსეთის მიერ. შესაბამისად, თუ მაშინდელ სიტუაციას განვიხილავთ, მაშინ საქართველოს ბაზარზე პურის ქარხნებს 97 % ადგილობრივი წარმოების ფქვილი მიეწოდებოდა, იმპორტირებული ფქვილი მხოლოდ 3 % იყო. სწორი კონკურენციის პირობებში, ადგილობრივი წისქვილების ინდუსტრიის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქედანაც კარგად ჩანს. ის ჩანს, რომ სწორი კონკურენციის პირობებში ჩვენ მოთხოვნა-მიწოდების თემას ძალიან სწორად ვალაგებთ, კონკურენციის პირობებში საკმაოდ ეფექტიანები ვართ.

დამაბალანსებელი გადასახადის შემოღების შემთხვევაში, წისქვილკომბინატები ვალდებულებას იღებდნენ, რომ პური არ გაძვირებულიყო. ჩვენი 4 – პუნქტიანი გეგმის მიხედვით, თუ ფქვილზე დამბალანსებელი გადასახადი შემოვიდოდა, ჩვენ ვალდებულებას ვიღებდით, 2 თვის განმავლობაში პურის ქარხნებისთვის 1 ტომარა ფქვილი 70 ლარად მიგვეწოდებინა, რათა პური არ გაძვირებულიყო. ეს იყო თებერვალში.

ასევე, წისქვილკომბინატები ვალდებულებას იღებდნენ, რომ ქვეყანაში ხორბლის 2- თვიანი გარდამავალი მარაგები შექმნილიყო. სამინისტროში გვითხრეს, რომ მაშინ „პურის მწარმოებელთა ასოციაციამ“ უფრო დაბალი ფასი მოითხოვა – 68 ლარი. შესაბამისად, მაშინ ეს სიტუაცია ჩაიშალა. მესმის, ბიზნესურად: მაშინ პურის მწარმოებლებს იმპორტირებულ ფქვილზე 68 ლარი ჰქონდათ . თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ, მაშინ რომ ისინი დათანხმებულიყვნენ, ორივე ინდუსტრია იმუშავებდა, პურის წარმოებაც და ჩვენც. დღევანდელ სიტუაციაში ვხედავთ, რომ ფქვილის იმპორტმა პურის ფასი მაინც ვერ დაიჭირა და 1 -ელი მაისიდან პური გაძვირდა. ასე გამოვიდა, რომ ჩვენი გაჩერების ფასი იყო ის, რომ წისქვილკომბინატების გაჩერების სანაცვლოდ, პურის გაძვირება, ფაქტობრივად, 2 თვით გადაიდო“, – განაცხადა სილაგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები