ირაკლი ღარიბაშვილი: ზამთრის სეზონზე კურორტი “გოდერძი” გაიხსნება
მთაში ცხოვრება საკმაოდ რთულია, მაგრამ სიძნელეების მიუხედავად, თქვენ მუდმივად ადასტურებთ, რომ არ უშინდებით სირთულეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ბეშუმში სტუმრობისას განაცხადა. პრემიერმა აჭარლებს შუამთობის სახალხო დღესასწაული მიულოცა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ზამთრის სეზონზე კურორტი “გოდერძი” გაიხსნება, სადაც რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა იქნება. პრემიერის თქმით, მთავრობა მუშაობს, რათა მთიანი აჭარის ყველა სოფელს მიეწოდებოდეს ელექტროენერგია და უშუქოდ არ დარჩეს არც ერთი ოჯახი.
“მთაში ცხოვრება საკმაოდ რთულია, მაგრამ სიძნელეების მიუხედავად, თქვენ მუდმივად ადასტურებთ, რომ არ უშინდებით სირთულეებს, მედგრად დგახართ. მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული მადლობა მთლიანი აჭარის მკვიდრებისადმი მთის ერთგულებისთვის. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი სწორედ საქართველოს მთიანი რეგიონია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემოდგომას მივიღებთ მთის კანონს, ვინაიდან ეს არის მართლაც გადაუდებელი საქმე მთის გაძლიერებისთვის. ჩვენ ვართ ვალდებული, რომ ცხოვრება შეგიმსუბუქოთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც მთაში ცხოვრობთ. კარგად ვიცი, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გაწუხებთ. ეს პრობლემები წლების განმავლობაში დაგროვდა და ჩვენ ისინი თანადათანობით უნდა გადავჭრათ”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი მოსახლეობას ასევე დაჰპირდა, რომ არ იქნება სოფლებში მისასვლელი გზების პრობლემა და ყველა გზა იქნება გამართული.