კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სტუდენტმა რეჟისორმა დავით თარბამ სპექტაკლი „წმინდა ანტუანის სასწაული“ დადგა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ თეატრში სტუდენტი რეჟისორის, დავით თარბას სადებიუტო სპექტაკლის, „წმინდა ანტუანის სასწაული“ ჩვენებას დაესწრო.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სპექტაკლი 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის („სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში“) შედეგად დაიდგა.
ბელგიელი დრამატურგის მორის მეტერლინკის ყველასათვის ცნობილი პიესა „წმინდა ანტუანის სასწაული“ საქართველოში, თოჯინურ სივრცეში პირველად დაიდგა.
თბილისის თოჯინების პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ საბაშვილმა, თეატრის ახალი სივრცე, ახალგაზრდა რეჟისორის დავით თარბას სადებიუტო ნამუშევრით გახსნა.
დამწყებმა რეჟისორმა ექსპერიმენტულ სპექტაკლში მეტერლინკისთვის დამახასიათებელი მისტიკური და ზღაპრული გარემო შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ პიესა დრამატული თეატრისთვის დაიწერა, მასში ასახული ამბები, დაუჯერებელი ისტორია, ზღაპრულ-ფანტასტიკური ელემენტებითა და მისტიციზმით გაჯერებული, ძალიან ორგანულად მოერგო თოჯინების სტილისტიკას.
სპექტაკლზე რეჟისორ დავით თარბასთან ერთად მუშაობდნენ: თოჯინების მხატვარი-ვლადიმერ მელტცერი, კომპოზიტორი – ლევან ბაშარული, ხმის რეჟისორი – არჩილ ბურჭულაძე, ხოლო სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: დავით როსტომაშვილი, ლილი ხურითი, მაია ხორნაული, ნოდარ ძოწენიძე, გიორგი ქორიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, სანდრო კახეთელიძე, აკო გოგელია, ნუკა ქევხიშვილი, მალხაზ გაბუნია, ვახო ჭელიძე, მარიკა ძაგნიძე, მაია მალხაზიშვილი, თამთა ბაქრაძე, გიორგი ქორიძე, სანდრო კახეთელიძე და თეა კიწმარიშვილი.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს კულტურის სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ რეჟისორმა საკონკურსო პროექტით წარმოდგენილი სპექტაკლით „ინტერვიუ“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.
საგულისხმოა, რომ ეს სპექტაკლი თეოდორ ჰოლმანისა და თეო ვან გოგის პიესის მიხედვით საქართველოში პირველად დაიდგა და პიესა ამ პროექტისთვის საგანგებოდ ითარგმნა ქართულ ენაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები