El Paisсо: ესპანეთი მაიმუნების ყვავილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ჩუტყვავილას ვაქცინის ათასობით დოზას შეიძენს

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ჩუტყვავილას საწინააღმდეგო დამტკიცებული ვაქცინის ათასობით დოზის შესყიდვისთვის ემზადება, რომელიც მაიმუნების ყვავილის გავრცელების პრევენციისთვისაც არის ასევე ეფექტური.

ამის შესახებ გამოცემა El Pais წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, იშვიათი დაავადების წინააღმდეგ სპეციალურად დამტკიცებული პრეპარატი არ არსებობს.

ვაქცინა, რომლის შეძენაც სურთ ესპანეთში, არ არის განკუთვნილი მოსახლეობის ფართო აცრისთვის, არამედ მას მხოლოდ იმ ადამიანებს შეუყვანენ, რომლებიც ინფიცირებულებთან იყვნენ კონტაქტში.

საუბარია პრეპარატ Imvanex-ზე, რომელსაც აწარმოებს დანიური კომპანია Bavarian Nordik​-ი.

სტრატეგია, რომელსაც ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო მიჰყვება ამჟამინდელი ეპიდემიის შესაჩერებლად, 1977 წელს იყო წარმატებით ამოქმედებული.

ბოლო დროს დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და აშშ-ში მაიმუნების ყვავილის შემთხვევებია დაფიქსირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მაიმუნების ყვავილი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად გვხვდება ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის შორეულ რაიონებში, რომლებიც მდებარეობს ტროპიკულ წვიმიან ტყეებთან.

მაიმუნის ყვავილი იშვიათი დაავადებაა, რომელიც კლინიკურად ყვავილის თითქმის იდენტურია, თუმცა, ნაკლებად მძიმეა. მაიმუნის ყვავილს ერთი განსხვავებული ნიშანი აქვს – გამოხატული ლიმფადენოპათია. მაიმუნის ყვავილით ადამიანი შესაძლოა, დაინფიცირდეს სხვადასხვა ცხოველთან, მაგალითად, პრიმატებსა და მღრღნელებთან კონტაქტის შედეგად, თუმცა, მისი ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია. ნატურალური ყვავილის მსგავსად, ადამიანებს შორის ეს ინფექცია ვრცელდება რესპირატორული გზით ან ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით.

ინკუბაციური პერიოდი 7-14 დღეა, დაავადება 2-4 კვირას გრძელდება.

მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის შემთხვევების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდეა, სიკვდილიანობის უმეტესი ნაწილი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებშია.

მაიმუნის ყვავილისგან სპეციფიკური მკურნალობა ან ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ ჩუტყვავილას ვაქცინაცია დაავადების მაღალ ეფექტურ პრევენციას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები