ბრიტანეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში და ახლა უკვე აშშ-შია დაფიქსირებული მაიმუნების ყვავილის შემთხვევები

მასაჩუსეტსის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა მაიმუნების ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა.

აღინიშნება, რომ დაავადება მამაკაცს აღმოაჩნდა, რომელიც ცოტა ხნის წინ კანადიდან დაბრუნდა.

მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა, როგორც უწყებაში ამბობენ, ინფიცირების ეს შემთხვევა საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მანამდე, მაიმუნის ყვავილის შემთხვევები დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში.

ბრიტანეთში, ჯამურად, უკვე 9 შემთხვევაა გამოვლენილი, ესპანეთში – 7, ასევე – რამდენიმე პორტუგალიაში.

ამასთან, მადრიდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არსებობს კიდევ 22 საეჭვო შემთხვევა, ჯამურად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, რეგიონის საავადმყოფოებს, ამ დაავადების ეჭვით, 40-დან 50-მდეა პაციენტმა მიმართა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მაიმუნების ყვავილი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად გვხვდება ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის შორეულ რაიონებში, რომლებიც მდებარეობს ტროპიკულ წვიმიან ტყეებთან.

მაიმუნის ყვავილი იშვიათი დაავადებაა, რომელიც კლინიკურად ყვავილის თითქმის იდენტურია, თუმცა, ნაკლებად მძიმეა. მაიმუნის ყვავილს ერთი განსხვავებული ნიშანი აქვს – გამოხატული ლიმფადენოპათია. მაიმუნის ყვავილით ადამიანი შესაძლოა, დაინფიცირდეს სხვადასხვა ცხოველთან, მაგალითად, პრიმატებსა და მღრღნელებთან კონტაქტის შედეგად, თუმცა, მისი ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია. ნატურალური ყვავილის მსგავსად, ადამიანებს შორის ეს ინფექცია ვრცელდება რესპირატორული გზით ან ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით.

ინკუბაციური პერიოდი 7-14 დღეა, დაავადება 2-4 კვირას გრძელდება.

მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის შემთხვევების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდეა, სიკვდილიანობის უმეტესი ნაწილი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებშია.

მაიმუნის ყვავილისგან სპეციფიკური მკურნალობა ან ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ ჩუტყვავილას ვაქცინაცია დაავადების მაღალ ეფექტურ პრევენციას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები