მაია ბითაძემ ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ონლაინ ფორმატში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის ინფორმაციით, მაია ბითაძემ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწია საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან მიმართებაში, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების ახალი კოდექსის მიღებით განხორციელდა. მან ასევე ყურადღება ევროპის მწვანე შეთანხმების მიზნების მიღწევაზე გაამახვილა.
„მწვანე შეთანხმებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული მწვანე შეთანხმება სხვადასხვა ინიციატივებს და ამბიციურ მიზნებს აწესებს, რაც მოიცავს ინფრასტრუქტურის და სტანდარტების ხარისხის გაუმჯობესებას. ამის განხორციელება კი, შესაძლებელია კლიმატისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესაძლებლობად გადაქცევის გზით და რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე დაფუძნებულ, კონკურენტუნარიანი ეკონომიკით. სწორედ ამიტომ, კომიტეტის მიერ დასახულ ექვსპუნქტიან გეგმაში, მთავარ საკითხს სწორედ მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც ბიზნესის სამომავლო განვითარებაში გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრაციას მოიცავს. მისი საბოლოო მიზანია ქართული ეკონომიკის ზრდა და ადაპტაცია თანამედროვე სტანდარტებთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროდირექტივების ტრანსპოზიციის პერიოდში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები, რომლებიც გარემოსდაცვითი დემოკრატიის საფუძვლებს ქმნის.
ევროკავშირის დამატებითი მხარდაჭერა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნისთვის რეფორმების დასაჩქარებლად და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების კომპონენტის უფრო ეფექტიანად გამოყენებისთვის, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების სამომავლო დაგეგმვის კუთხით”- განაცხადა მაია ბითაძემ.