კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ესენია:
„1) „ტულა ლიმნაიოსის პერფორმანსი და მასტერკლასები“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ „სამი კურდღელი“. პროექტი გულისხმობს ცნობილი ქორეოგრაფის, ტულა ლიმნაიოსის პერფორმანსის “Isson” წარდგენას ფართო აუდიტორიისთვის და მასტერკლასების ჩატარებას ქართველი არტისტებისთვისა და დაინტერესებული პირებისთვის;
2) „ჩეჩნური ორნამენტის მოტივი ვიტრაჟში”, განმახორციელებელი – ინდმეწარმე ეკატერინე გეგუჩაძე. პროექტის ფარგლებში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში გავრცელებული ძველი ჩეჩნური ორნამენტების მიხედვით და კერამიკის ცივი მოხატვის ტექნოლოგიით შეიქმნება მინის ვიტრაჟები, მინის მოზაიკა და მინის გრავირება. პროექტით გათვალისწინებულია სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებშიც 8 ზრდასრული ადამიანი 12 გაკვეთილის განმავლობაში შეისწავლის მინის (მინის ვიტრაჟი, მინის მოზაიკა, მინის გრავირება) და კერამიკის (კერამიკის ცივი მოხატვა) დამუშავების ტექნოლოგიებს. პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ დუისში ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა;
3) „კერამიკის ზღაპარი“, განმახორციელებელი – შპს „ბაია გალერეა – ექსპო“. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ქართველი მხატვრების, თუთუ კილაძის და გოიკა მუჩიაშვილის ნამუშევრების გამოფენას „ბაია გალერეაში“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30 ნამუშევარი, ფერწერა და კერამიკა, რომლებიც შესრულებულია 2021-2022 წლებში. გამოიცემა საგამოფენო კატალოგიც;
4) „ექსპერიმენტული პლენერი“, განმახორციელებლი – არტგაერთიანება „სეკატორი“. პროექტი ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ავანგარდისტი მხატვრის, ბენო გორდეზიანის ფერწერულ ტილოს „ცხრაწყარო“ გარშემო განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, თბილისიდან არტისტთა ჯგუფი ეწვევა ონს და 1 კვირის განმავლობაში ისინი აღნიშნული ტილოს ინსპირაციით ადგილობრივ ბავშვებთან და მხატვრებთან ერთად ღია ცის ქვეშ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს გამართავენ, ასევე, იმუშავებენ ახალი ნამუშევრების შექმნაზე. პროექტის დასრულებისას ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა;
5) „თბილისელი სომეხი მხატვრების გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა ალექსანდრე პირადოვის კერძო კოლექციიდან”, განმახორციელებელი – შპს „იარტი“. გამოფენისთვის ცნობილი თბილისელი კოლექციონერის, ალექსანდრე პირადოვის კერძო კოლექციაში დაცული 200-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი შეირჩა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება: ვ. პირადოვის, გ. ბაშინჯანიანის, ე. ტატევოსიანის, ა. ბაჟბეუკ-მელიკოვის, ლ. ბაიახჩევის, ა.დილბარიანის და სხვათა ნამუშევრები;
6) „ART/ალიანსი – 22’’, განმახორციელებელი – „სსიპ თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“. პროექტის მიზანია სახელოვნებო უნივერსიტეტებს (თბილისის სამხატვრო აკადემია და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი) შორის კლასგარეშე საქმიანობისა და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება სტუდენტთა მონაწილეობით. აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მოეწყობა სტუდენტური გამოფენა (ექსპოზიცია მოდის ილუსტრაციების მიმართულებით). ასევე, ,,პეტრას ციხესიმაგრის’’ ტერიტორიაზე გაიმართება სასცენო დადგმა;
7) „ფერადი სამყარო მხატვარ ომარ კაჭკაჭიშვილის გამოფენა“, განმახორციელებელი – შპს „ომარტი“. პროექტი გულისხმობს თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ფერმწერის, ომარ კაჭკაჭიშვილის რეტროსპექტული გამოფენის მოწყობას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 50-მდე ნამუშევარი (აბსტრაქციები, პეიზაჟური მხატვრობა, ნატიურმორტი). ასევე, გამოიცემა ნამუშევრების კატალოგი;
კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 60 000 ლარს და მის ფარგლებში კულტურის სამინისტროს სულ 25-მა განმცხადებელმა მომართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები