საქართველოს ეროვნული მუზეუმი და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას გამართავენ

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას გამართავენ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ძვ.წ. IV-III ათასწლეულში, ევროპის სტეპებსა და უადრეს ქალაქებს შორის კავშირები, სადაც კავკასია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.

“საქართველოს ეროვნული მუზეუმი და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი 16-22 მაისს წარმოგიდგენთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ტექნიკური და სოციალური ინოვაციები კავკასიაში: ევრაზიის სტეპებსა და უძველეს ქალაქებს შორის ძვ. IV-III ათასწლეულებში” (“Technical and Social Innovations in the Caucasus: between the Eurasian Steppe and the Earliest Cities in the 4th and 3rd millennia BC“).

კონფერენცია ტარდება სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროპული სამეცნიერო საბჭოს მიერ (European Research Commission (ERC). აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ერთადერთი პროექტი, რომელიც ევროპულმა სამეცნიერო საბჭომ არქეოლოგიის მიმართულებით დააფინანსა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევრები სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სამეცნიერო ინსტიტუციებთან ერთად, 5 წლის განმავლობაში იმუშავებენ.

16 მაისს პროექტის წარდგენა და კონფერენციის გახსნა გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში. კონფერენცია 17-22 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში გაგრძელდება.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ძვ.წ. IV-III ათასწლეულში, ევროპის სტეპებსა და უადრეს ქალაქებს შორის კავშირები, სადაც კავკასია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. ბოლო პერიოდში სამცხეში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები ორჭოსანში, ირმის რქაზე, სოფ. ჭობარეთსა და ძველი რაბათის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან ინფორმაციებს გვაწვდის ძვ.წ. IV-III ათასწლეულებში განვითარებულ ისტორიულ მოვლენებზე. სწორედ აღნიშნული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალა იქნება გამოფენილი სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში. ექსპოზიცია „უახლესი არქეოლოგიური მონაპოვარი სამცხეში“ 17 მაისს გაიხსნება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ჩვენი თანამშრომლობა გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტთან უკვე 30 წელს ითვლის. ამ პერიოდში არაერთი ერთობლივი სამეცნიერო, საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები