UniverCity – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქუთაისის მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ქუთაისის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისში ახალი ინოვაციური ჰაბი – UniverCity – შეიქმნება.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა მოაწერეს.

ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალი სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს ქუთაისის, როგორც წამყვანი საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციას, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ქვეყნის საგანმანათლებლო რეფორმასთან. აღნიშნული ხედვის ფარგლებში, ქუთაისი იძენს დასავლეთ საქართველოს უმთავრეს საგანმანათლებლო ფუნქციას, რაც ქალაქს აძლევს უნიკალურ შანსს, გაძლიერდეს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან, საინტერესო თვითრეალიზაციისა და განვითარების ცენტრად.

UniverCity-ის სივრცე ქუთაისის ცენტრალურ სკვერში განთავსდება. უნიკალური პროექტი ოთხ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას აერთიანებს. ციფრული უნარების, ხელოვნური ინტელექტისა და STEM სისტემების განვითარებასთან ერთად, აქ აქტიურად წარიმართება კულტურული, სოციალური და შემეცნებითი ღონისძიებები. გარემო ასევე დაეთმობა ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებულ სპეციალურ სერვისებს, დასასვენებელ კომფორტულ ზონებსა და სივრცეებს საქმიანი შეხვედრებისთვის. საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ შესაძლებლობა, აღნიშნულ სივრცეში დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარი პროექტები, მოიწვიონ სტუმრები და გამართონ საჯარო დისკუსიები მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით.

გარდა ამისა, ჰაბში წარმოდგენილი იქნება KIU-ს ევროპული სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო პროგრამები და დეტალური ინფორმაცია რეგიონის გამორჩეული საუნივერსიტეტო კამპუსის შესახებ.

UniverCity მნიშვნელოვან ფუნქციას ტურისტული თვალსაზრისითაც შეასრულებს, რადგან ქალაქის სტუმრები ადგილზე გაეცნობიან ქუთაისის, როგორც ისტორიული და თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრის როლს. პროექტი კიდევ უფრო განამტკიცებს KIU-ს პოზიციონირებას ინოვაციური და სამეწარმეო ჰაბის სახით, რაც სრულ თანხვედრაშია ქალაქის განვითარების საერთო სტრატეგიასთან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები