ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტიციების მოზიდვას ნავთობის და გაზის როგორც საძიებო, ისე მოპოვებით სფეროში
თბილისი კონტინენტური ევროპის ენერგეტიკული საბჭოს 54-ე შეხვედრას მასპინძლობს, რომელშიც ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე 70 – ზე მეტი კომპანიის 200 დელეგატი მონაწილეობს.
წარმომადგენლობითი ფორუმი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.
მისასალმებელ სიტყვაში ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, რომელიც შექმნილია საქართველოში საერთაშორისო კაპიტალის მოსაზიდად ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, განსაკუთრებით კი ენერგეტიკაში. მან ყურადღება გაამახვილა ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა მიესალმება საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლას ამ დარგში.
„ეს მიმართულება შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ენერგოდამოუკიდებლობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოს ნავთობის და გაზის საკმაოდ სოლიდური რესურსები რომ აქვს, ეს დადასტურებულია წარსული გამოცდილებით – მე-20 საუკუნეში პიკზე საქართველო 3 მლნ ტონაზე მეტ ნავთობს მხოლოდ სამგორის ველზე მოიპოვებდა. ეს არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ დღეს რამდენიმე პერსპექტიული მიმართულებით შევძლოთ ნავთობის მოპოვების გაზრდა,” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის რამდენიმე ლიცენზიაა გაცემული, რომელიც საბადოს კვლევასაც ითვალისწინებს.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი გეოლოგიური კვლევითი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე უშუალოდ ნავთობის მოპოვებას მოვახერხებთ, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ შევამციროთ გეოლოგიური და საინვესტიციო რისკები, ხოლო სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტიციების მოზიდვას ნავთობის და გაზის როგორც საძიებო, ისე მოპოვებით სფეროში. ჩვენი იმედია საბოლოოდ, რომ რამდენიმე წლიან პერსპექტივაში მოვახერხებთ, საქართველომ სრულად დააკმაყოფილოს თავისი საჭიროება არსებული ნავთობის მოთხოვნის კუთხით და ასევე, საკმაოდ დიდი რაოდენობით წვლილი შევიტანოთ ჩვენი გაზის მოხმარებაში, რაც მიმდინარე ლიცენზიების კვლევით სამუშაოებში საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
წარმომადგენლობითი შეხვედრის თანაორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო. შეხვედრის მონაწილეების წინაშე მოხსენებები ასევე გააკეთეს მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ და სსიპ ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა. შეხვედრაში მონაწილეობენ ისეთი მსხვილი რეგიონული კომპანიები, როგორიცაა OMV პეტრომი, რომელიც გეგმავს საქართველოს შავი ზღვის შელფზე ბუნებრივი აირის მარაგები დაიძიოს და შემდეგ დაამუშაოს, აგრეთვე Exonn, DMT, Block energy და სხვ. ფორუმი 14 მაისს დასრულდება.