“იძულებულნი ვიქნებით, საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ” – რუსეთის საგარეო უწყება ნატო-ში ფინეთის შესვლაზე
ნატო-ში ფინეთის გაწევრიანება მისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების პირდაპირი დარღვევა იქნება, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ნატო-ს მიზანი, რომლის წევრები ენერგიულად არწმუნებდნენ ფინურ მხარეს, რომ ალიანსში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს, ნათელია – რუსეთის საზღვრებისკენ გაფართოების გაგრძელება, ჩვენი ქვეყნისთვის სამხედრო საფრთხის კიდევ ერთი ფლანგის შექმნა. მაგრამ რაში სჭირდება ფინეთს, თავისი ტერიტორია რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო დაპირისპირების ხაზად აქციოს, ხოლო გადაწყვეტილებების მიღების დროს დამოუკიდებლობის დაკარგვა – ამას ისტორია განსჯის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ ფინეთის ხელმძღვანელობის განცხადება ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობასთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო პოლიტიკას რადიკალურად ცვლის.
რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ფინეთის ხელისუფლება უნდა ათვითცნობიერებდეს იმ პასუხისმგებლობას და შედეგებს, რომლებიც ნატო-ში მათ გაწევრიანებას შეიძლება, უკავშირდებოდეს.
“ფინეთის ნატო-ში შესაძლო შესვლის საპასუხოდ, რუსეთის ფედერაცია იძულებული იქნება, გადადგას საპასუხო ნაბიჯები როგორც სამხედრო-ტექნიკური, ასევე, განსხვავებული ხასიათის”, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.