ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის “პირველი შემთხვევაა” – ქვეყანაში “ლოკდაუნი” გამოცხადდა
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოავლინა.
ამის შესახებ სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ჩრდილოეთ კორეის მედიაზე დაყრდნობით წერს.
ინფორმაციის თანახმად, ფხენიანში “ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა – მოსახლეობას ანალიზები 8 მაისს აუღეს. ამის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაქსიმალური საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა და “ლოკდაუნი” გამოცხადდა.
ამჟამად უცნობია, რამდენი ადამიანია ინფიცირებული.
მანამდე, ჩრდილოეთ კორეაში აცხადებდნენ, რომ პანდემიის განმავლობაში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ მოვლენას ფხენიანში ხსნიდნენ იმით, რომ დროულად ჩაკეტეს ქვეყნის საზღვრები. მაშინ ასევე უარი ითქვა Covax-ის მეშვეობით ვაქცინების მიღებაზე.