ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმით, „ცივი ომის“ შემდგომი ეპოქა დასრულდა.
როგორც ჯონსონმა ფინეთში, პრეზიდენტ საულ ნინისტესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ევროპაში ვითარება მკვეთრად შეიცვალა.
„რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ შეცვალა ევროპული უსაფრთხოების ფორმულა, შეცვალა ჩვენი რეალობა და ჩვენი მომავალი. გავხდით მოწმე „ცივი ომის“ შემდგომი ეპოქის დასრულების. უკრაინაზე თავდასხმამ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ის, ახალი თავი გახსნა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის თქმით, მისი დღევანდელი ვიზიტი ჰელსინკში არის იმის დემონსტრირება, რომ ბრიტანეთი მზადაა კრიზისის ან თავდასხმის შემთხვევაში სამხედრო დახმარება გაუწიოს ფინეთსა და შვედეთს.
გაერთიანებულმა სამეფომ დღეს ფინეთსა და შვედეთთან ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას ურთიერთდახმარების, კერძოდ კი სამხედრო დახმარების შესახებ, საგარეო საფრთხის შემთხვევაში.