მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ქალაქში სხვადასხვა დაავადებისა და გაუსაძლისი პირობების გამო შესაძლოა, კიდევ 10 ათასი ადამიანი დაიღუპოს.
მისი ინფორმაციით, ამჟამად, ქალაქში 150-170 ათასი მოქალაქე რჩება.
ბოიჩენკოს თქმით, ოკუპანტებმა მარიუპოლი შუა საუკუნეების გეტოდ აქციეს, ამიტომ, სიკვდილიანობაც შესაბამისი იქნება.
“მედიკამენტებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, წყალმომარაგებისა და სათანადო კანალიზაციის აღდგენის გარეშე ქალაქში ეპიდემიები გავრცელდება. აქ დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობა მოხუცები და ავადმყოფები არიან. სათანადო პირობების გარეშე, მოწყვლადი კატეგორიების სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება”, – განმარტა მან.
ქალაქის ხელისუფლების ცნობით, მარიუპოლის მცხოვრებთა ნაწილი ახლომდებარე სოფლებიდან დაბრუნდა ქალაქში, „რადგან მათ არ უშვებენ თავისუფალი უკრაინის ტერიტორიაზე მკაცრი ფილტრაციის სისტემის გამო“.
“რუსები აგრძელებენ იმ გენოციდს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყეს. ჩვენს ხალხს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. ამიტომ, საჭიროა ქალაქის სრული ევაკუაცია”, – ხაზგასმით აღნიშნა მარიუპოლის მერმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge