„კოდუა-პატარკაციშვილის საუბრის ჩანაწერის თბილისში ჩამოტანა ნოღაიდელმა დამავალა“
კოდუა-პატარკაციშვილის საუბრის ჩანაწერი საქართველოში დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გელა ჩარკვიანის დახმარებით ჩამოიტანეს, – ამის შესახებ გელა ჩარკვიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მას დახმარებისთვის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მიმართა. როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, მისთვის მასალის შინაარსობრივი ნაწილი უცნობი იყო და პრემიერისგან მხოლოდ ის იცოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია” მოიპოვა.
“სახლში დამირეკეს და მთხოვეს, მივსულიყავი საელჩოში, რადგან სპეცკავშირით დამკავშირდებოდნენ. როცა იქ მივედი, დამიკავშირდა პრემიერ-მინისტრი. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეეძლო, ჩემთვის რაღაც დავალება მოეცა, ამიტომ, როგორც ჩანს, მათ სთხოვეს პრემიერს, რომელსაც, ბუნებრივია, შეეძლო ჩემთვის დაევალებინა. ითქვა შემდეგი – შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიპოვა ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას და რასაკვირველია, მათაც შეუძლიათ ეს გადმოიტანონ საზღვარზე, მაგრამ ჯობია, დაზღვეულები ვიყოთ და ამაში თქვენი იმუნიტეტი და ელჩის წონა გამოგვადგება, ამიტომ იქნებ თქვენ ჩამოიტანოთ ეს ინფორმაციაო. აეროპორტში შემხვდა ის და გადმომცა პატარა საგანი. ვუთხარი, შევხვდეთ, როცა გავივლი კონტროლსთქო და არა, აქედან ვერ წავალ, თქვენთან უნდა ვიდგეო. მე გავიფიქრე, მეც არ მენდობათქო, მაგრამ სწორი იყო – ოპერატიულმა მუშაკმა ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიზღვიოს თავი. ის ჩემს ახლომახლო იდგა. მე გავიარე კონტროლი და ამის მერე გადავეცი ისევ პატარა საგანი”, – განაცხადა გელა ჩარკვიანმა.
სოდ-ის ყოფილი უფროსმა, ერეკლე კოდუამ გუშინ, “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი და პატარკაციშვილის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერი თბილისამდე დიდ ბრიტანეთში საქართველოს მაშინდელი ელჩის მონაწილებით ჩამოიტანა.