უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თუ უკრაინა არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მაშინ ეს ევროკავშირის მხრიდან მოტყუებას ნიშნავს და უკრაინა ამას “არ გადაყლაპავს”.
ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრმა, საფრანგეთის პრეზიდენტის პროგნოზზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, შესაძლოა “რამდენიმე წელიწადი” დასჭირდეს.
“სამი თვის წინ ამ ქვეყანას გაწევრიანების პერსპექტივაც კი არ ჰქონდა. დღეს ისინი განიხილავენ, თუ რა დრო დასჭირდება ამას“, – განაცხადა კულებამ.
დიპლომატის თქმით, უკრაინისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება იქნება.
“მაშინ თქვენთან ერთად დავსხდებით და დანარჩენ საკითხებს გადავწყვეტთ – როგორ, როდის და მსგავსი საკითხები. თუ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: რომ ევროპა ჩვენს მოტყუებას ცდილობს, და ამის გადაყლაპვას არ ვაპირებთ. უკრაინა ერთადერთი ადგილია ევროპაში, სადაც ხალხი იმ ღირებულებებისთვის იღუპება, რომელზედაც ევროკავშირია დაფუძნებული. და მე მჯერა, რომ ამის პატივისცემაა აუცილებელი”,- თქვა დმიტრო კულებამ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge