ლიეტუვის სეიმმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

ლიტუვის სეიმმა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ქმედებები გენოციდად, ხოლო რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.

ამის შესახებ Delfi იტყობინება.

შესაბამის რეზოლუციას მხარი ქვეყნის კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და დაქირავებულებმა უკრაინის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით – ქალაქ ბუჩაში, ირპინში, მარიუპოლში, ბოროდიანკასა და გოსტომელში მასობრივი სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს.

რეზოლუციის მიხედვით, აგრესორმა განიზრახა უკრაინელი ერის სრული ან ნაწილობრივი განადგურება, უკრაინელების ოჯახის წევრების მოკვლით, მათ შორის, ბავშვების, მათი გატაცებით, წამებით, გაუპატიურებით, მათ შორის, არასრულწლოვნების, დაღუპულთა ცხედრების დაცინვით.

“ლიეტუვის სეიმი 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას – უკრაინელი ხალხის გენოციდად აფასებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ასევე, აღნიშნულია, რომ ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი და რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი უნდა შექმნას.

ლიეტუვის პარლამენტი მოუწოდებს, რომ ამ ტრიბუნალს ჰქონდეს დაპატიმრების საერთაშორისო ორდერის გაცემის უფლებამოსილება და რომ სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მეთაურებზე, ან მთავრობის და სხვა საჯარო მოხელეებზე იმუნიტეტი არ ვრცელდებოდეს.

„რუსეთის ფედერაცია, რომლის შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულად და სისტემატურად ირჩევენ სამოქალაქო ობიექტებს დაბომბვისთვის, არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები