შალვა კერესელიძე: ბიოწარმოების ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს

????????????????????????????????????

პარლამენტის წევრმა, შალვა კერესელიძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა სოფლის მეურნეობაში ბიოწარმოების განვითარების აუცილებლობაზე და შესაბამისი ინიციატივებიც წარადგინა.

კერძოდ, მისი თქმით, ბიოწარმოება ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით, მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამიტომ, დეპუტატი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მიწის უფრო მიზნობრივი და ეფექტური გამოყენებისთვის უნდა შეიქმნას ბიოწარმოების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიკროზონები.

„საქართველოს, თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, მასობრივი წარმოების კუთხით ყოველთვის გაუჭირდება, კონკურენცია გაუწიოს განვითარებულ ქვეყნებს და თავისი ადგილი ევროპულ ბაზრებზე. მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ხარისხობრივი კუთხით დავიმკვიდროთ ადგილი ევროპულ ბაზრებზე, რის რეალური შესაძლებლობაც ჩვენს ქვეყანას, მისი ბუნებრივი მდებარეობიდან, კლიმატური პირობებიდან და სხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე ნამდვილად შეუძლია. ამიტომ, ბიოწარმოება სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს კიდევ უფრო მასშტაბურ მხარდაჭერას.
მაგალითად, ისეთ ხეობებსა და მუნიციპალიტეტებში, როგორიც არის სვანეთი, რაჭა, თუშეთი, მაღალმთიანი აჭარა, ფშავი, ხევსურეთი, გუდამაყარი, ყაზბეგი, თიანეთი და ასე შემდეგ, სადაც ადგილობრივი ფერმერებს ყოველგვარი სასუქის, საკვები დანამატების და შხამ-ქიმიკატების გარეშე მოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

უნდა შეიქმნას ბიო წარმოების მიკროზონები და შეიზღუდოს შხამ-ქიმიკატების გამოყენება გარდა ბიო სასუქებისა. ასევე იქ წარმოებულ პროდუქციას მიენიჭოს ბიო წარმოების სტატუსი კანონის მოთხოვნების შესაბამისად”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან წახალისების მიზნით უნდა დაფინანსების სახელმწიფო და საგრანტო პროგრამები და პროექტები.
„მეტი წახალისების მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან უნდა განხორციელდეს მაღალი სახელმწიფო დაფინანსების სახელმწიფო და საგრანტო პროგრამები და პროექტები. ასევე მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
წახალისდნენ ახალგაზრდა და მრავალშვილიანი ოჯახები. ახალგაზრდები, კოოპერატივები, განსაკუთრებით ის ახალგაზრდები ვინც გადაწყვეტენ, რომ დაბრუნდნენ მთაში, შექმნან საკუთარი მეურნეობები და ხელი მიჰყონ ბიოსაქმიანობას”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაყოფიერ მიწებზე უნდა შეიზღუდოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქმიანობა, გარდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის განსაკუთრებული საჭიროებისა და განსაკუთრებულად დასაბუთების შემთხვევებისა.
„გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში შესაბამის უწყებებთან ერთად შექმნის კომისიას სამუშაო ჯგუფს და ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ აქტიურად ამ ჯგუფში, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ და ეფექტურად დასრულდეს აღნიშნული პროცესის და პროექტის განხორციელება”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები